განცხადებები

კულტურის სფეროში მიმდინარე საკადრო წმენდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსაც შეეხო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის მითითებით, გრძელდება კულტურის სფეროდან არასასურველი კადრების დევნა. ეს პოლიტიკა, ამჯერად, გამოვლინდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რომლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რუსუდან თევზაძე აიძულეს დაეტოვებინა თანამდებობა.

2017 წლიდან, რუსუდან თევზაძე აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ აირჩიეს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არჩევით თანამდებობაზე. 6 წლის განმავლობაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესრულებისას მისი ინიციატივით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა არაერთი წარმატებული სტრუქტურული ცვლილება და  პროექტი. სწორედ ამის დასტური იყო მისი მეორე ვადით, ერთხმად არჩევა 2021 წელს.

რუსუდან თევზაძე არის პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე იყო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთის ოლქში. მისი პოლიტიკური შეხედულებები, კულტურის სფეროში ახალი მინისტრის მისვლამდე, არ წარმოადგენდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

2021 წელს, კულტურის სფეროს გამოყოფის, ცალკე სამინისტროს შექმნისა და ახალი მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა სამინისტროს პოზიცია. ახალი ხელმძღვანელის პირობებში, რუსუდან თევზაძე აწყდებოდა მუდმივ იგნორირებას, მას არ იწვევდნენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ არცერთ სამუშაო შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსთან საქმიანი ურთიერთობა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. სამინისტროს მოთხოვნით, მინისტრთან ურთიერთობდა მხოლოდ რექტორი. რუსუდან თევზაძეს, ასევე, ხელი შეუშალეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაციის, ფაქტობრივად, მზა პროექტის განხორციელებაში, რომლის ბიუჯეტიც მინისტრმა სხვა საქმიანობის განსახორციელებლად მიმართა.

მინისტრის დამოკიდებულების გამო უნივერსიტეტში შეიქმნა არაჯანსაღი გარემო, რექტორთან, სხვადასხვა ფორმატში სამუშაო შეხვედრა, პრაქტიკულად მუდმივად სრულდებოდა შეხსენებით, რომ ის, პოლიტიკური საქმიანობის გამო, იყო მთავარი ბარიერი უნივერსიტეტის ბიუჯეტის გაზრდის საქმეში.

2022 წლის 21 დეკემბერს, სამინისტროში მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობის წინ, უნივერსიტეტის რექტორმა, რუსუდან თევზაძეს სრულიად არაორაზროვნად უთხრა, რომ წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მინისტრთან მისი დაუბარებლობა „პოლიტიკური ფაქტორია“ და რომ მას „მინისტრი არ სწყალობს“. ამ შეხვედრაზე მყოფმა კოლეგებმა, ასევე, პირდაპირ გადასცეს სამინისტროს პოზიცია, რომ „სანამ თევზაძე იმყოფება აღნიშნულ პოზიციაზე, თქვენი უნივერსიტეტის ბიუჯეტს არაფერი ეშველება“. რუსუდან თევზაძის კითხვაზე ეს იყო თუ არა მისი არჩევანის წინაშე დაყენება და ელოდნენ თუ არა მინისტრთან დასაბარებელ პასუხს სამსახურის დატოვების შესახებ, რექტორმა უპასუხა, რომ, პრაქტიკულად, ასე იყო საქმე. სამინისტროში გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, რექტორი კვლავ შეხვდა რუსუდან თევზაძეს და უთხრა, რომ საბოლოო არჩევანი უნდა გაეკეთებინა.

ამ უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, რუსუდან თევზაძემ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა პოზიცია, რათა არ გამხდარიყო უნივერსიტეტის ბიუჯეტის გაზრდისა და თანამშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე დაბრკოლება. მას უარი უთხრეს კუთვნილი შვებულების მიცემაზეც კი, რადგან რექტორის თქმით, ამ ტიპის განცხადებით, ვერ დაარწმუნებდა მინისტრს, რომ რუსუდან თევზაძე ნამდვილად წავიდა.

ამ საქმეში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის აშკარა ნიშნების არსებობის გამო, „სამართლიანი არჩევნები“ გეგმავს, რუსუდან თევზაძის ინტერესების დასაცავად, მიმართოს სახალხო დამცველს და მოითხოვოს მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

 

„სამართლიანი არჩევნები“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge