განცხადებები

კვოტირების კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს ქალთა წარმომადგენლობის რეალური ზრდა

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი რამდენიმე დღეში განიხილავს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში განიხილება კანონპროექტის იმგვარი ცვლილება, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მესამე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის, ხოლო მაჟორიტარებს შორის ყოველი მეექვსე. კანონპროექტის ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გარანტირებულად მხოლოდ 15% იქნება, მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში კი 23%-მდე. 

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავსი სახით კანონპროექტის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობის არსებით ზრდას. კვოტირება მაჟორიტარულ სისტემაში არ იძლევა გარანტიას, რომ კანდიდატებად წარდგენილი ქალები მოხვდებიან საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გენდერულად დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ეფექტურ საშულებას. მაჟორიტარულ სისტემაში კვოტირების არსებობის შემთხვევაში პარტიებმა შესაძლოა ფორმალურად დააკმაყოფილონ ქალების კანდიდატებად დასახელების მოთხოვნა, მაგრამ დაასახელონ ქალები ,,არა გამსვლელ“ ოლქებში, სადაც კანდიდატს მანდატის მოპოვების ნაკლები შანსი აქვს. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გენდერულად დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ფაქტობრივად შეუძლებელიცაა, რადგან აქ მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენა არის შესაძლებელი. შესაბამისად არ არსებობს გარანტია, რომ ქალი კანდიდატები არჩეული იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან გაუმართლებელია ქალთა წარმომადგენლობის მხოლოდ ერთი მეექვსედით უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც თანასწორობის სულისკვეთების საწინააღმდეგო გზავნილია. 

ამომრჩეველთა ფართო მხარდაჭერით წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს პროპორციულ სისტემაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმომადგენლობას, რაც დღეს არსებული შერეული სისტემის შემთხვევაში ერთადერთი რეალური გზაა პარლამენტში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ისიც მხოლოდ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. 

შემთხვევითი არ არის, რომ 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა გულისხმობს მხოლოდ პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის დასახელებას. ქალთა პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები თავიდანვე მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მათ შორის იმის გამოც, რომ მაჟორიტარული სისტემა ნაკლებად სახარბიელოა ქალთა წარმომადგენლობისთვის. საერთაშორისო გამოცდილებისა და მსოფლიოში არსებული სხვადასხვა საარჩევნო სისტემის ანალიზი ცხადყოფს, რომ გენდერული კვოტა გვხვდება მეტწილად პროპორციულ სისტემაში. ამასთანავე, კვლევებმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ იმ ქვეყნებში სადაც მხოლოდ პროპორციული სისტემაა ქალთა წარმომადგენლობა ორჯერ აღემატება იმ ქვეყნებისას სადაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს. შერეული სისტემის შემთხვევაში მონაცემები გაშუალება. 

მოვუწოდებთ პარლამენტს მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას იმ სახით, როგორც ის ამომრჩევლებმა წარადგინეს პარლამენტში, რადგან შემოთავაზებული ალტერნატიული სახით კვოტირების შემოტანა ფორმალურ სახეს მიიღებს და ვერ მიუშვებს, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ეფექტური მექანიზმი.  

სამუშაო ჯგუფი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა„ საქართველოში შეიქმნა 2014 წლის თებერვალში და მას შემდეგ აწარმოებს სხვადასხვა საკითხების ადვოკატირებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით. სამუშაო ჯგუფს ეკუთვნის სავალდებულო გენდერული კვოტის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფდა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალების მინიმუმ 25 პროცენტიან წარმომადგენლობითობას.