განცხადებები

ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს

2017 წლის 7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პ.ა.მ. კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, 2016 წლის 27 დეკემბერს ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით.  ინსპექტორის ასეთი  დასკვნა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბოლოოდ ჩანაწერი კერძო პირის ხელში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოხვდა, რაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, რაც შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 12 მაისს მაშინ მოქმედ გენერალური აუდიტორს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაცვის წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი მომხდარიდან 4 თვის შემდეგაც უცნობია.

გენერალურ აუდიტორზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის მეშვეობით, საეჭვოდ გავრცელდა ლაშა თორდიას მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც, სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს  კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტია ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ვიდეოჩანაწერის გავრცელებამ მაშინვე გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეო მასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენდა ოთარ ფარცხალაძის მიერ 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებდა. ფარცხალაძის განცხადებამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ.

ყოველივე აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ:
 
პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით;

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს რა ეტაპზეა ლაშა თორდიაზე თავდასხმის და  „პ.ა.მ. კლუბში“ მომხდარი ინციდენტის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებები;

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით შეისწავლოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, განსაკუთრებით მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის ფონზე.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი