განცხადებები

მამუკა ხაზარაძის განცხადება ამყარებს ეჭვებს საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებთან დაკავშირებით

4 მარტს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, რომელიც მისგან გარკვეული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ რეპუტაციის შელახვით დაემუქრა. ასევე, მან დაახასიათა ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოებული პროცესი როგორც შანტაჟი, და გაიხსენა, რომ, მასთან შეხვედრის დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიანიშნებდა ზეწოლაზე პოლიტიკოსებისა და სხვა გავლენიანი პირების მხრიდან, რომლის მიზანი ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება იყო. მისი განცხადებით, სახეზეა ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მიერ ორკესტრირებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისინი სამართალდამცავ უწყებებსა და ეროვნულ ბანკს იყენებენ. ეჭვს ასეთი კამპანიის შესახებ ამყარებს ის გარემოებაც, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ  უარი თქვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოსმენაზე ეროვნული ბანკის წარმომადგენლების თანდასწრებით და მხოლოდ ამ საკითხის გარშემო საჯარო სკანდალის შემდეგ დათანხმდა, რომ მათთვის საკომიტეტო ტრიბუნა დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. თუ ხაზარაძის განცხადებას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ის კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისთვის.

ეს ტენდენცია არსებითად შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს. აქედან გამომდინარე, და რადგან არ გვაქვს იმედი რომ სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე ადექვატურ რეაგირებასა და მიუკერძოებელ გამოძიებას მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს - შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე. 

ამასთან, მოვლენებისათვის მეტი სიცხადის მოსაფენად, მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროოს შს მინისტრის , გიორგი გახარიას მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი.

მზად ვართ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევხვდეთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი სურვილის შემთხვევაში. 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

მწვანე ალტერნატივა

საზოგადოება და ბანკები

მსოფლიო გამოცდილება საქართველისთვის

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიის განვითარების ფონდი