მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი
ფოტო: ipn.ge
2020 -2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს, სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.
ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს:
- უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება;
- შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
- შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
- შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობების რეჟიმი;
- შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკურად.
ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს