განცხადებები

მინისტრის დისკრიმინაციული ტერმინოლოგია ამყარებს ჰომოფობიურ განწყობებს

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2016 წლის 10 თებერვალს გადაცემა „20/30-ში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სეკულარიზმის პრინციპთან და «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის მიზნებთან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განათლების მინისტრის მიერ დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს.

მინისტრის განცხადებებით დასტურდება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებო პროგრამებს უთანხმებს საქართველოს საპატრიარქოს. მისი განცხადებით, სამინისტრო „საბოლოო  კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადის იმ საკითხების გამო, რომელიც ეხება რელიგიის თემას....“. თუმცა, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო განხილვები აჩვენებს, სასკოლო საგანში „მე და საზოგადოება“ საქართველოსა საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური და სოციალურ ჯგუფებსა და სამინისტროს შორის შეუთანხმებლობის საგანი არა მხოლოდ რელიგიასთან დაკავშირებული თემატიკა, არამედ არსებითად პოლიტიკური და სოციალური შინაარსის მქონე კონცეფციები და ტერმინოლოგია გახდა. ამ დროისთვის,  საპატრიარქოს ინიციატივით, საგნის  „მე და საზოგადოება“ სტანდარტიდან ამოღებული/მოდიფიცირებული იქნა მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე საკითხები, რომლებიც  გენდერული იდენტობის, ლიბერალიზმის და დემოკრატიული ღირებულებების, ჯანსაღი ცხოვრების თემატიკას უკავშირდებოდა  . აღსანიშნავია, რომ საგნის სტანდარტის შემუშავების პროცესში სამინისტრომ არ უზრუნველყო აღნიშნულ თემაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა და საპატრიარქოს აქტიური ზეწოლის პირობებში დათმო პრინციპულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ღირებულებები.   სამინისტროს მიერ პროცესის ამ ფორმით ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებები  ეწინააღმდეგება სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და «ზოგადი განათლების შესახებ» კანონს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს «ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება» წარმოადგენს.

ამასთან, მიუღებელია განათლების მინისტრის მიერ დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინის - „მამათმავლები“ - გამოყენება. მართალია, მან მოგვიანებით განმარტა, რომ მხოლოდ პეტიციის ტერმინოლოგია გამოიყენა, თუმცა ამ დროს მან, ყოველგვარი განმარტების გარეშე, კვლავ გამოიყენა ჰომოფობიური ტერმინი.

საგულისხმოა ისიც, რომ  განათლების მინისტრის საუბარში იგრძნობა მისი პიროვნული მხარდაჭერა პეტიციის პათოსის მიმართ, რომელიც „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას“ ითხოვს და ასეთებად გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის შემცველი პროგრამა მიაჩნია - „ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი". მაშინ, როდესაც აღნიშნული თემატიკის სასკოლო პროგრამაში მართებული ფორმით ინტეგრირება ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებული სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებას, მინისტრის ამგვარი მიდგომა განათლების სისტემის განვითარების ფუნდამენტურად არასწორ ხედვებზე მიუთითებს და მან შესაძლოა არსებითად დააზიანოს თავისუფალი, პლურალური და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობა. 

იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციიების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა ქართულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკები და მათზე განათლების სამინისტროს არაეფექტური რეაგირება , განათლების მინისტრის ღია ლოიალობა დომინანტი რელიგიური ინსტიტუციისა და მისი იდეოლოგიის მიმართ,  კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის განათლების სისტემაზე საპატრირქოსა და მასთან დაკავშირებული სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების გავლენას.  თუ ამ დრომდე საჯარო სკოლებზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ლოკალურობით ხასიათდებოდა და სხვადასხვა აგენტების, მათ შორის, მასწავლებლების, სასულიერო პირების იდეოლოგიზირებულ და ინდოქტრინაციულ მუშაობაში ვლინდებოდა, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ განათლების სისტემაზე საპატრიარქოს გავლენა უფრო მეტად ინსტიტუციონალიზებული გახდა და სამინისტროს არ გააჩნია პოლიტიკური ნება და სიმტკიცე, დაიცვას საგანმანათლებლო სივრცის თავისუფლება და უზრუნველყოს სეკულარული, თავისუფალი და თანასწორი გარემო, რომელიც საზოგადოების ემანსიპაციის საფუძველი უნდა გახდეს. საზოგადოებაში მზარდი ქსენოფობიის, ჰომოფობიის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის მიზეზები კი სწორედ განათლების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე უთითებს. მნიშვნელოვანია, სამინისტროს ჰქონდეს მტკიცე პოლიტიკური ნება, დაიცვას საგანმანათლებლო სივრცეები რელიგიური, პოლიტიური თუ იდეოლოგიური გავლენებისგან.     

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო პლატფორმა «არა ფობიას!» მოუწოდებს:

-  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის განხილვის პროცესი ღია და ინკლუზიური დისკუსიების გზით უზრუნველყოს და მისი შემუშავების პროცესში იხელმღვანელოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დამკვიდრებული პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით.

-  საქართველოს განათლების მინისტრს, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, თავი შეიკავოს საჯარო გამოსვლებისას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ტერმინოლოგიის  გამოყენებისაგან.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაფიქსირებთ მზადყოფნას, შევხვდეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობას და ვიმსჯელოთ ზემოთ განხილულ საკითხებზე.  

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI
მედიის განვითარების ფონდი MDF
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI
LGBT საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS
იდენტობა
ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC
კავშირი «საფარი»
კონსტიტუციის 42-ე მუხლი