მმართველი პარტია აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგებას
2022 წლის ოქტომბრის ბოლოს ოთხმა დეპუტატმა პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს შესწორებებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საბიუჯეტო კოდექსში. ინიციირებული ცვლილებები, დამტკიცების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად დაააკნინებს საკრებულოს, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციურ საფუძვლებს და ადგილობრივ თვითმმართველობას მმართველი პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარებს.
ცვლილებათა უმთავრესი ნაწილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა შორის პასუხისმგებლობის ახლებურ გადანაწილებას ეხება. კერძოდ: იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის არსებული რედაქცია, რომლის მიხედვითაც, თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში საკრებულო არ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, საკრებულოსთან ერთად მერსაც უწყდება უფლებამოსილება, რასაც ლოგიკურად საკრებულოსა და მერის არჩევნები მოსდევს. შემოთავაზებული რედაქციით, ადგილობრივი ბიუჯეტის დადგენილ ვადაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკრებულოს შეუწყდება უფლებამოსილება და საჭირო გახდება მისი ხელახლა არჩევა, ხოლო მერი შეინარჩუნებს თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობაზე პასუხისმგებელ ერთადერთ ორგანოდ საკრებულო განისაზღვრება, ხოლო მერი, რომელიც საბიუჯეტო პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე სუბიექტია, პასუხისმგებლობისგან სრულად თავისუფლდება.
ეს ცვლილება მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას, რადგან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება არ არის მხოლოდ საკრებულოს საქმე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ნორმების თანახმად, რომლებიც უცვლელად რჩება, მერი შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.1 ამდენად, ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში, საკრებულოს არ აქვს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა, მეტიც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.2 საკრებულოს მხოლოდ მაშინ შეუძლია აუაროს გვერდი ბიუჯეტის პროექტის შესახებ მერთან შეთანხმების აუცილებლობას, თუ სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებულ ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ მერისათვის არაუგვიანეს 25 ნოემბრისა გაგზავნილი ბიუჯეტის პროექტის შენიშვნები ან მისი ნაწილი. ამგვარი უმრავლესობის შეკრება დღეს ყველა საკრებულოს გაუჭირდება.
ამასთან, გასათვალისწინებელია პოლიტიკური კონტექსტიც. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სამ თვითმმართველ ერთეულში: რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში საკრებულოს მმართველი უმრავლესობა და მერი დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ. მერი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველგან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი ან მასთან აფილირებული პირია და მმართველ პარტიას პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურ საკრებულოსთან შეიძლება შეექმნას. შესაბამისად, მოსალოდნელია გარკვეული შეუთანხმებლობა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებისას. შემოთავაზებული ცვლილებებით, მერს სრულად უქრება მოტივაცია იყოს კონსტრუქციულად განწყობილი და ითანამშრომლოს საკრებულოსთან ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმების მისაღწევად, რადგან მის თანამდებობას ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აღარაფერი დაემუქრება, ხოლო ოპოზიციურ საკრებულოს, შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეს. ამდენად, ცვლილებათა პროექტი აკნინებს საკრებულოს როლს და, ამავდროულად, მმართველი ძალის პარტიული ინტერესების გატარებას ემსახურება.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.
1. საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველლბის კოდექსი”, მუხ. 54.1.გ.ბ - გ.გ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429?publication=63
2. საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, მუხ. 91.6 .