განცხადებები

მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გადაიდოს

კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის 2015 წლის აპრილამდე გაგრძელებას ითვალისწინებს. გადავადების საფუძვლად ჯგუფის მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობა სახელდება, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა  არ მოწვეულა.  

აღმაშფოთებელია, რომ ინიციტივის შეტანა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საიდუმლოდ მოხდა, რის შესახებაც სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი. ასევე, სამუშაო ჯგუფის რამდენიმე წევრის მიერ კომიტეტის თავმჯდომარისათვის გაგზავნილი ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, შეხვედრის ორგანიზება კომისიის მუშაობის დასრულების კანონით დადგენილ თარიღამდე – 1 ნოემბრამდე შეუძლებელი აღმოჩნდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან ამგვარი ქმედება, სულ ცოტა, არაკოლეგიალობის და ჯგუფის წევრების იგნორირების მცდელობას წარმოადგენს. 

მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა კანონპროექტის ინიცირების შესახებ, სამუშაო ჯგუფის რვა წევრმა, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის ორმა წევრმა – ნინო გოგუაძემ და თამარ კორძაიამ, განცხადებით მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და ვითხოვეთ სამუშაო ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფი ამ დრომდე არ ყოფილა მოწვეული.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კომისიის მუშაობა პროდუქტიული იყო და ჯგუფის წევრების უმეტესობას მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით. ჯგუფის აბსოლუტური უმრავლესობა გასაღების შსს-დან გამოტანის იდეას ემხრობოდა. ევროსაბჭოს ექსპერტების ვიზიტის შემდეგ ჯგუფის წევრების უმეტესობა დაეთანხმა ექსპერტების მიერ შემოთავაზებული კომპრომისული ორგასაღებიანი სისტემის მოდელს. როგორც ჩანს, ამის საწინააღმდეგო არგუმენტები არც სამართალდამცავებს ჰქონდათ. შესაძლოა, სწორედ ეს იყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შემდგომში არმოწყობის მიზეზი. სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საკითხის კენჭისყრაზე გატანისას მას ჯგუფის წევრთა უმეტესობა დაუჭერდა მხარს. 

სამწუხაროა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი სამართალდამცავი ოროგანოების მხრიდან საზოგადოების იგნორირების. ჩვენ ცალსახად ვაცხადებდით რომ პარლამენტის მიერ კანონპროექტის ნაწილის მიღება ნამდვილად პროგრესულია, თუმცა ყველა რეგულაციას ეკარგება აზრი, თუ სამართალდამცავების ხელში კვლავაც დარჩება მოქალაქეთა უკონტროლოდ მოსმენის შესაძლებობა. უკონტროლო სისტემის არსებობას კი სწორედ შსს-ს ხელში მოსმენების გასაღების შენარჩუნება უზრუნველყოფს.  

კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი უმოკლედ ვადებში უნდა შეიკრიბოს და მოეთხოვოს დასკვნის წარდგენა პარლამენტისთვის საკუთარი მუშაობის შესახებ. კამპანიის წევრები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი თარიღის გადაწევის შესახებ ინიციატივას და  მოითხოვოს სამუშაო ჯგუფის დაუყოვნებლივ მოწვევა. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით.