განცხადებები

მოსაზრებები სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტებზე

საქართველოს პარლამენტს 

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოსაზრებები სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტებზე 

საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ეტაპის შემადგენელი ინიციატივაა. 

ინიციატორების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების და მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას. როგორც კოალიციისთვის არის ცნობილი, მოგვიანებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ცვლილებები მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიმართულებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოალიცია მხარს უჭერს სისტემური რეფორმების გაგრძელებას სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ მეოთხე ტალღის ცვლილებები უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოში არაფორმალური და არაჯანსაღი მმართველობის, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულებით არსებობს. 

აქვე, კოალიცია უარყოფითად აფასებს “მეოთხე ტალღის” რეფორმაზე მუშაობის პროცესს, რომელიც იზოლირებულად, პროფესიული ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმებზე მუშაობის წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, ჩვენთვის გაუგებარია, რა გახდა ამ პროცესიდან იმ ორგანიზაციების გამოთიშვის მიზეზი, რომელსაც სასამართლოს და საბჭოს მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე რეფორმებსა და სასამართლო სტრატეგიაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. კოალიცია იმედოვნებს, რომ მეოთხე ტალღის სხვა კანონპროექტების მომზადება უფრო ღია და მონაწილეობით ფორმატში გაგრძელდება. 

ქვემოთ წარმოგიდგენთ კოალიციის მოსაზრებებს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. კოალიცია მიესალმება რიგი ცვლილებების განხორციელებას, რაც შემოთავაზებულია კანონპროექტებით და რაც ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემის მოგვარებას. მათ შორისაა, ცვლილებები მიმართული საქმის სასამართლო განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გასაჩივრებისას საქმის მასალების ასლების გაგზავნა სააპელაციო სასამართლოში, ელექტრონული ხელმოწერის და დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის საკითხი; ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა ჩამონათვალის გაფართოება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული პროექტები შეიცავს რიგ ცვლილებებს, რომელიც შესაძლოა უარყოფითად აისახოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე ან საზიანო იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მის მიმართ ნდობის თვალსაზრისით. 

სასამართლო მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილების გაფართოება 

კოალიციას არ მიაჩნია მიზანშეწონილად სასამართლო მოხელეს მიენიჭოს მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილება და აღნიშნული შემოღებულ იქნას როგორც სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმი. 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო მოხელის უფლებამოსილება შემოიფარგლება უდავო წარმოების საკითხების განხილვით. შემოთავაზებული ცვლილებებით ფართოვდება მაგისტრის უფლებამოსილება და მისი განსახილველი იქნება განსაზღვრული კატეგორიის სასარჩელო წარმოების საქმეებიც. კოალიციას სურს ყურადღება გაამახვილოს იმაზეც, რომ კანონპროექტით არ არის მოწესრიგებული მოხელის დანიშვნის წესი, მისი უფლებამოსილების ვადა და სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც კანონპროექტის ძირითადი პრინციპების საკითხს განეკუთვნება. მოხელის უფლებამოსილებების გაზრდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით გაუმართლებელია. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებას, სასამართლოს განტვირთვას და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. 

თუმცა, გაუგებარია რატომ არის აუცილებელი სასამართლო მოხელისთვის მოსამართლის უფლებამოსილებების მინიჭება და როგორ მოემსახურება აღნიშნული სასამართლოში საქმეთა სწრაფად განხილვის მიზანს. ნაცვლად მოსამართლისა, მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სასამართლო მოხელისათვის, რომლის დამოუკიდებლობის გარანტიები არ არის მოსამართლის გარანტიების ტოლფასი, მიზანშეუწონელია. საქმეთა სწრაფი განხილვის მიზნით, ნაცვლად მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდისა, კანონპროექტი გვთავაზობს სასამართლო მოხელეების რაოდენობის გაზრდას და ამ ინსტიტუტის ახლებურად ჩამოყალიბებას, რაც სხვადასხვა დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებასაც მოითხოვს. განმარტებითი ბარათით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ენიჭება უპირატესობა საქმეთა გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო მოხელის უფლებამოსილების გაზრდას და ახალი მოხელეების დანიშვნას, მოსამართლეების რაოდენობის გაზრდასთან შედარებით. აღნიშნულის დასაბუთება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით შემოთავაზებულია მართლმსაჯულების განხორციელების სრულიად ახლებური, აქამდე არარსებული მექანიზმი, რომლის საჭიროება სათანადოდ უნდა ამართლებდეს მის შემოღებას. 

ზოგადად, სასამართლოში საქმეთა განხილვის დაჩქარებისთვის არ არის განმსაზღვრელი, მოსამართლე განიხილავს საქმეს თუ მოხელე. ამიტომ, გაუგებარია, თუ რა დამატებითი სარგებელი მოაქვს სასამართლო მოხელის უფლებამოსილებების გაზრდას კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად. 

კოალიციას მიაჩნია, რომ სასამართლოს მოხელისთვის მართლმსაჯულების განხორციელების ფუნქციის მინიჭება არ იქნება გამართლებული, ვინაიდან დავების განხილვის ამ მექანიზმის შემოღება ვერ იქნება მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალება, ამასთან, მისი შემოღება უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული ვიდრე მოსამართლეთა რაოდენობის მცირედით მაინც გაზრდა და ახალი მოსამართლეების დანიშვნა იქნებოდა. მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლო მოხელე არ სარგებლობს დამოუკიდებლობის ყველა იმ გარანტიით, რასაც კანონმდებლობა მოსამართლეს უწესებს. 

კანონპროექტით მოხელეების მიერ განხილული დავების გასაჩივრება მოხდება იმავე სასამართლოში პირველი ინსტანციის წესით და შემდეგ სააპელაციო სასამართლოში. ამით, სასამართლოში დავების განხილვის არსებულ პროცესს ემატება კიდევ ერთი რგოლი, რამაც შესაძლოა უფრო გააჭიანუროს მათი განხილვა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გასაჩივრების დაბალი სტატისტიკის მოყვანა ვერ ასაბუთებს ახალი მექანიზმის შემოღების საჭიროებას. 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებულია, რომ ამ კანონის ამოქმედებისთანავე სასამართლოების მოხელეები ითვლებიან მოვალეობის შემსრულებლებად ამავე კანონით დადგენილი წესით სასამართლოების შესაბამისი მოხელეების დანიშვნამდე. აღნიშნული დებულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულებას ახორციელებს მოსამართლე, ხოლო მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილი წესით. 

კოალიციის წარმომადგენლები, სასამართლოს დროებითი ღონისძიების სახით, სთავაზობენ მოსამართლის მივლინების მექანიზმის გამოყენებას, მოხელის უფლებამოსილების გაზრდის სანაცვლოდ. როგორც ცნობილია, გადატვირთულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ თბილისის საქალაქო სასამართლოში დგას. ამდენად, უფრო გონივრული იქნებოდა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენოს კანონით მსგავსი ვითარებისთვის შექმნილი მექანიზმი. ეს ასევე შექმნიდა შესაძლებლობას, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება გადაიდოს იქამდე, სანამ საკითხის სიღრმისეული ანალიზი და პრობლემის გადაჭრის გრძელვადიანი ხედვა მომზადდება.

სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაციის შემოღება

კოალიციას მიაჩნია, რომ ზოგადი ნორმის სახით სპეციალიზაციის მექანიზმის შემოღება სააპელაციო სასამართლოებში გაუმართლებელია და იგი სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ბერკეტს შეიცავს.საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.

მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია ყოველთვის პრობლემური იყო სასამართლო სისტემაში. პრაქტიკაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს მოსამართლეთა ისეთ ვიწრო სპეციალიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ხშირად აზრს უკარგავს საქმის განაწილების ახალი სისტემის მუშაობას. აქვე უნდა ითქვას, რომ სპეციალიზაციების შექმნა საბჭოს პრეროგატივაა, თუმცა სპეციალიზაციებში მოსამართლეების განაწილება ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკებს ამ მიმართულებით. 

ბოლო დროს გახმაურებულ საქმეთაგან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვისას სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ საავტორო დავებთან დაკავშირებით სასამართლოში მხოლოდ ერთი მოსამართლე იყო სპეციალიზირებული, რის გამოც რუსთავი 2-ის საქმის განაწილება მოხდა არა ანბანურად, შემთხვევითი პრინციპით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, არამედ პირდაპირ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს დაეწერა. შესაბამისად, მაშინ როცა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია პრობლემურია პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ანალოგიური მექანიზმის შემოღება სააპელაციო სასამართლოებშიც, ამასთან, ზოგადი ნორმის სახით, გაუმართლებელია. გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლო დავების უმეტესი ნაწილისთვის საბოლოო ინსტანციის სასამართლოა. ამგვარი ცვლილებით კი საკანონმდებლო ორგანო გადასცემს იუსტიციის საბჭოს და თავმჯდომარეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ბერკეტს. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „მოსამართლის მიერ ერთგვაროვანი კატეგორიის საქმეთა განხილვა დაკავშირებულია მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებასთან. ამასთან, უზრუნველყოფს სამართლის კონკრეტულ დარგში მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად მოქმედებს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე.“ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არ არის საკმარისად დასაბუთებული. დავები, რომლებიც კანონპროექტების განმარტებითი ბარათების თანახმად, ჭარბობს სასამართლო სისტემაში, არ წარმოადგენს სამართლებრივად რთული კატეგორიის დავებს. მეტიც, უმეტესად საუბარია საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებთან დადებულ მცირე სასესხო გარიგებებზე, რომლებიც მარტივი კატეგორიის დავებს განეკუთვნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია რატომ არის საჭირო მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, როცა ასეთი მარტივი კატეგორიის დავების განხილვა არ არის დაკავშირებული მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან მათ მიერ ამ დავების უფრო სწრაფად განხილვის მიზანთან. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ნებისმიერ მოსამართლეს შესწევს უნარი სწრაფად და კვალიფიციურად განიხილოს ამგვარი დავები. ამასთან, კანონპროექტებით არ დგას საკითხი არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისა, რაც დაასაბუთებდა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის საჭიროებას. 

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს #15(2012) „მოსამართლეთა სპეციალიზაციის შესახებ“ დასკვნაში, სპეციალიზაციის მიზნებს შორის არ არის მოხსენიებული სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება. ამასთან, დასკვნა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსამართლეთა სპეციალიზაციას აქვს როგორც დადებითი მხარეები, ისე ახასიათებს ბევრი ნაკლოვანება და შეიცავს საფრთხეებს, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. დასკვნის მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ სპეციალიზაცია იშვიათად არის მიზანმიმართული არჩევანი, ის უფრო ხშირად გამომდინარეობს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან ადაპტირების საჭიროებიდან. შესაბამისად, მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია არ არის ზოგადი წესი და მისი გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური საფუძველი. 

ასევე, ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ამავე დასკვნის 23-ე პუნქტში ხაზგასმულია, რომ როგორც საერთო, ასევე სპეციალიზებული სასამართლოების ყველა მოსამართლე უნდა იყოს სამოსამართლო ხელოვნების ექსპერტი, მოსამართლეებს გააჩნიათ სათანადო ცოდნა, რათა შეძლონ ფაქტებისა და კანონის გაანალიზება, შეფასება და გადაწყვეტილების გამოტანა სამართლის სხვადასხვა დარგის საქმეებზე. ამისთვის მათ უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი ინსტიტუტებისა და პრინციპების ფართო ცოდნა. დასკვნის 25-ე პუნქტის თანახმად, მოსამართლეებს უნდა შეეძლოთ ყველა დარგის საქმეების განხილვა. კანონის ზოგადი ცოდნა და მისი ძირითადი პრინციპები, საღი აზრი და ცხოვრებისეული რეალობის თაობაზე ცოდნა აძლევთ მათ საშუალებას გამოიყენონ კანონი ყველა დარგში, მათ შორის სპეციალიზაციის სფეროებში, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტების დახმარებით.

კოალიციას მიაჩნია, რომ თუკი პარლამენტი სპეციალიზაციის საკითხში გეგმავს ცვლილებას, ეს ცვლილება პირველ რიგში უნდა შეეხოს თავმჯდომარის კომპეტენციის შემცირებას ამ ნაწილში.

სასამართლოში საქმის საჯარო განხილვა 

კოალიციას მიაჩნია, რომ მხარეთა თანხმობა საქმეთა ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტისთვის უნდა შენარჩუნდეს. პროექტით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლს ემატება 12-14 რაც ადგენს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როცა სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს სააპელაციო საჩივარი. კოდექსის 34-ე მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საქმე მხოლოდ მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის 5 იანვრის სხდომაზე პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მხარეთა თანხმობა ამოღებული ყოფილიყო პროექტიდან და საქმის ზეპირი განხილვის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდეს.

კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია შენარჩუნდეს მხარეთა თანხმობა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტისთვის. აქ გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება ზოგად წესს და ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ყველა საჩივარზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავაში ერთ-ერთი მხარე ყოველთვის სახელმწიფოა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი დავების სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვა არაპროპორციულად არ შეიზღუდოს. ასევე, განმარტებით ბარათში მოყვანილია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისა. მხარეთა თანხმობის ამოღება და აღნიშნული საკითხის სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებად დატოვება განმარტებით ბარათში მოცემულ დასაბუთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. 

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის უფლებამოსილების შესრულება 

კოალიციას მიაჩნია, სასამართლოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მოვალეობების შესრულების განსაზღვრის შემოთავაზებული წესი ზოგადია, არავითარ შეზღუდვას არ აწესებს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისთვის, რაც არის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკის კანონით განმტკიცება. პრობლემურია თავმჯდომარეების შერჩევის კრიტერიუმების და წესის არარსებობაც, რასაც კანონპროექტი არ ეხება. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტით ზუსტდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება და განისაზღვრება, რომ საბჭო უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნამდე დანიშნოს მისი მოვალეობის შემსრულებელი. 

მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის დანიშვნის კრიტერიუმებსა და წესს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის პრაქტიკაში თავმჯდომარეების, ისევე როგორც მათი მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის საკითხი მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება, არ არის დასაბუთებული და დროში შეზღუდული. ასეთ ვითარებაში მხოლოდ დამაზუსტებელი ცვლილების შეტანა კანონში არ არის საკმარისი და აუცილებელია კანონმდებელმა დაადგინოს სასამართლოების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების დანიშვნასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დანიშვნის კრიტერიუმები და წესი, მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა განსაზღვრული პერიოდით, დანიშვნის დასაბუთება. სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების დანიშვნის ანალოგიურ პრობლემას წარმოადგენს მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკით სასამართლოს თავმჯდომარეები წლების განმავლობაში ასრულებენ მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას, რის საჭიროებაც ასევე არ არის დასაბუთებული ან დროში შეზღუდული, რაც იძლევა თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების დანიშვნის საკითხით არასათანადო მანიპულირების საშუალებას. 

სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტი წლებია მოსამართლეთა კონტროლის და საბჭოს ხელში სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის ბერკეტს წარმოადგენს. ამ ინსტიტუტის მიმართ უამრავი კრიტიკა გამოითქმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. ძირითადად სწორედ სასამართლოს თავმჯდომარეები შეადგენენ მოსამართლეთა იმ გავლენიან ჯგუფს, რომლებიც კლანურ მმართველობას ახორციელებენ სასამართლო სისტემაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია თავმჯდომარეებს ნიშნავს არა მენეჯერული უნარების შეფასების, არამედ სუბიექტური გადაწყვეტილების გზით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც წინააღმდეგობაში მოდის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან. 

თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების დანიშვნის კრიტერიუმებისა და წესის კანონით შემოღების გარეშე, საკითხის მხოლოდ ტექნიკურად დაზუსტება ნათელს ხდის, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლო სისტემის საჭიროებებს ისე, რომ უგულებელყოფს არსებულ რეალობას, რაც აძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში.