მოვუწოდებთ პრეზიდენტს ვეტო დაადოს ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას
2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება.
მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც არაერთი ხარვეზი ახასიათებს, რაც, მათ შორის, ვერც 2014 წლის რეფორმით იქნა გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს 300-მდე მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად უკვე განიხილა, თუმცა, 4 წელია სასამართლო საბოლოო გადაწვეტილების მიღებას აჭიანურებს. ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით. აღნიშნულზე მიუთითებს ევროკავშირის დელეგაციის მიერ 8 ივნისს გავრცელებული განცხადება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ის პარლამენტს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ლიბერალური აკადემია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი