განცხადებები

„მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანიების „მაესტროს” და „იმედის” ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს, „მთავარი არხის” ჟურნალისტები [1] კი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.

 მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა[2].

2022 წლის 13 ივლისს, ე.წ. სამთავრობო ტელეარხებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.

მოვუწოდებთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაფანტოს ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მიერ უკანონო მიყურადების შესახებ არსებული ეჭვები.

 



[1] ვიდეო: „ავთენტურობას ვადასტურებ, დაადგინონ საიდან და ვისგან გავიდა" | პოსტ ფაქტუმის ჟურნალისტი, გიორგი გვიშიანი უკანონო მოსმენაზე https://bit.ly/3cgdqXD
[2] სტატია: უკანონო მოსმენები | ჟურნალისტებისა და აქტივისტების მორიგი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში https://bit.ly/3nZpBdZ