ნინო ლომჯარია:პროტესტი სოჭის ოლიმპიადას
დღეს, 8 ოქტომბერს, \"პირველი რადიოს\" პრესკლუბში \"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების\" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს იმ პეტიციაზე ესაუბრა, რომელიც აპროტესტებს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას.
არასამთავრობო ორგანიზაციების \"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების\" და \"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს\" ინიციატივით, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა პეტიცია, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს ინიციატივას და დააფიქსიროს პოზიცია საქართველოს მხრიდან სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის უარზე.
\"ოლიმპიადაში მონაწილეობაზე საქართველოს უარი იქნება კარგი საშუალება მსოფლიოს ყველა ქვეყენამ გაიგოს ჩვენი პროტესტი, იმ მოვლენების მიმართ, რასაც საქართველოში რუსეთი უკანონოდ ახორციელებს\",-ამბობს ნინო ლომჯარია.
დღევანდელი პეტიცია არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას არასამთვარობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც რუსეთმა საზღვრის უკანონო დემარკაცია დაიწყო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდ დააფიქსირეს პროტესტი სოჭის ოლიმპიდაში საქართველოს მონაწილეობაზე.
\"გუშინ გაკეთდა არაერთი განცხადება ხელისუფლების თუ ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან და ვფიქრობ, მათაც არ აქვთ მტკიცე გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიცია ამ საკითხზე, იმ ფონზე თუ გავითვალისწინებთ მოვლენებს, რაც ბოლო დროს განვითარდა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით\",-ამბობს \"სამართლიანი არჩევნების\" აღმასრულებელი დირექტორი.