განცხადებები

ორგანიზაციების წერილი ევროპარლამენტს, მოგერინის და სახელმწიფო დეპარტამენტს

გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.

კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმა გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“  პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და აიღო ვალდებულება განეხორციელებინა კომპლექსური საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რათა შექმნილიყო დახვეწილი და გაუმჯობესებული დოკუმენტი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ მიდგომის  მონაწილეობა მიგვეღო სპეციალურად შექმნილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანი კონსტიტუციური ცვლილებების ფართო და დეტალური განხილვა იყო.

დისკუსია კომისიაში სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო და ბუნებრივია, სამოქალაქო საზოგადოების ყველა წინადადება არ აისახა კონსტიტუციის საბოლოო კანონპროექტში. სამოქალაქო საზოგადოებას ასეთი ილუზია არც გვქონდა. თუმცა, იყო ერთი საკითხი - საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში (გარდა მმართველი პარტიისა). საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებამდე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე არსებობდა მყარი კონსენსუსი. ამ რეკომენდაციას წლების მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც უჭერდნენ მხარს.

მიუხედავად ამისა, არც ერთ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები საარჩევნო სისტემების შესაცვლელად, რადგან არსებული შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა ტრადიციულად უფრო ხელსაყრელია მმართველი პარტიისთვის. (სწორედ ამ სისტემის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატების 75% მოიპოვა ხმათა მხოლოდ 49% მიღების პირობებში).

მანამდე, საკონსტიტუციო რეფორმა არ ყოფილა საზოგადოების მხრიდან აქტუალური ან რაიმე ფორმით დაკვეთილი. ერთადერთი საკითხი - საარჩევნო სისტემის შეცვლის საჭიროება - ფართო პოლიტიკური კონენსუსის შედეგი იყო.  „ქართული ოცნება“ საზოგადოებას დაპირდა, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა და გახდებოდა უფრო სამართლიანი. ზუსტად ამ მოლოდინით ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დავთანხმდით საკონსტიტუციო კომისიის წევრობას. კომისიის მუშაობის განმავლობაში, ღიად დავაფიქსირეთ ყველა ჩვენი რეკომენდაცია და წუხილი როგორც საკონსტიტუციო კომისიის წინაშე, ისე ეროვნული მედიის საშუალებით და საჯარო შეხვედრებზე. ასევე, ჩვენი მოსაზრებები მივაწოდეთ ვენეციის კომისიას და არ დავიშურეთ ძალისხმევა, რათა ხელი შეგვეწყო კონსტრუქციული, ყოვლისმომცველი და კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის.
კომისიის ოთხთვიანი საქმიანობის შედეგად, შემუშავდა სისტემის რეფორმირების  დებულებები, რითაც დასრულდა ახალი კონსტიტუციის საბოლოო პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა. პარლამენტში განსახილველად შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გულისხმობდა შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემიდან სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. იგი, ასევე, შეიცავდა გარკვეულ საკამათო პუნქტებს, რომლებიც მმართველი პარტიისთვის უპირატეს მდგომარეობას ანიჭებს სხვა გზებით და შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვაპროტესტებდით ამ დებულებებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ცალსახად მივესალმებით მთავარ შედეგს - მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში. პროექტი ამ ფორმით გადაეგზავნა ვენეციის კომისიას სამართლებრივი დასკვნის მისაღებად, რომელმაც გაიზიარა ჩვენი (სამოქალაქო საზოგადოების) პოზიციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უგულებელყო არამარტო ვენეციის კომისიისგან მიღებული პასუხი, არამედ ასევე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი პროცესი,  სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური პარტიის შეხედულებები; და  არსებული ყველა მოლოდინის და პროექტის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგოდ, ცვლილებების დანერგვა საარჩევნო სისტემაში გადადო 2024 წლამდე (მომდევნო არჩევნების შემდგომ მორიგ ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნებამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქართულმა ოცნებამ" თავიდან კი განაცხადა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა რეფორმირებულ უნდა იქნეს, რათა უფრო სამართლიანი გახდეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა იგი მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული დაპირებების, მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; და ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნება სურს. 

22-23 ივნისს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი მიიღო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორი მოსმენით ორი დღის ვადაში (პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე; ტექსტი მიღებულ იქნა  პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე 22 ივნისს; შესაბამისმა კომიტეტებმა ტექსტი მიიღეს მეორე მოსმენით 23 ივნისს და ასევე პლენარულ სხდომაზე იმავე დღეს. საკომიტეტო მოსმენაზეც და პლენარულ სხდომაზეც განხილულ იქნა მთელი დოკუმენტი თითოეული მუხლების მიხედვით, მეორე მოსმენის წესების თანახმად, მხოლოდ ერთი დღის ვადაში). საბოლოოდ, ტექსტი მიღებულ იქნა განსხვავებული მოსაზრებების სრული იგნორირებით - სხდომას არ დაესწრო არცერთი ოპოზიციური პარტიის დეპუტატი კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში განხილვისა და მიღების პროტესტის ნიშნად. 
ამრიგად, საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტია, "ქართული ოცნება", იღებს კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებული და შეფასებულია მხოლოდ მათ მიერ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის ან უცხოელი ექსპერტების არცერთი მნიშვნელოვანი განსხვავებული მოსაზრება.

ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მიმართულ პირდაპირ და გამიზნულ მცდელობასა და ნაბიჯს ამჯერად უფრო მაღალ - კონსტიტუციურ დონეზე, რაც საქართველოში დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მართლაც ძალიან სამწუხარო ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას და მეტად მკაცრ რეაქციას. ეს არის ზუსტად ის, რასაც ვშიშობდით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპივა. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის პირობებში, რომელიც არ ემყარება ფართო კონსენსუსს, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მარტო საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, არამედ მთლიანად პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას ქვეყანაში. 
მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის მუდმივ და მტკიცე მხარდამჭერს, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაგვეხმაროთ, შევარბილოთ და თავიდან ავიცილოთ საქართველოში მიმდინარე არახელსაყრელი მოვლენები, სანამ პარლამენტმა საბოლოოდ არ განიხილა და მიიღო ახალი კონსტიტუცია (კონსტიტუციის მესამე და საბოლოო მოსმენა დაგეგმილია შემოდგომაზე). ჩვენ თხოვნით მოგმართავთ, რომ მეტად მკაფიო და ძლიერი გზავნილები მიაწოდოთ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისაკენ მიმართული მსგავსი ტენდენციები და მცდელობები შეუთავსებელია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებთან და ამგვარად, მიუღებელია. ასევე მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება ქვეყნის მხრიდან, რომელიც როგორც პოსტ-საბჭოთა, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მოწინავედ არის მიჩნეული, სხვა ქვეყნებისთვისაც ცუდი პრეცედენტია. იმისათვის რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩიხში არ შევიდეს და თავიდან ავიცილოთ ასეთი პრეცედენტის უარყოფითი ზეგავლენა რეგიონის სხვა ქვეყნებზე, ჩვენ მოგმართვათ თხოვნით, მოახდინოთ მყისიერი რეაგირება. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საჭიროების შემთხვევაში. 

 თქვენი მხარდაჭერისა ძალიან დიდი იმედი გვაქვს.


1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
5. მედიის განვითრების ფონდი
6. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
7. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
8. კავშირი საფარი
9. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
10. ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრი
11. ადამიანის უფლებათა ცენტრი
12. მწვანე ალტერნატივა
13. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
15. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
16. ლიბერალური აკადემია თბილისი
17. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
18. საქართველოს მედია კლუბი
19. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი
20. საუნჯე
21. ასოციაცია „სფექტრი“
22. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
23. დუშეთის განვითარების ფონდი
24. ჩვენ-ჯანსაღი მომავლისთვის
25. მშვიდობის ქარტია
26. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი
27. ღირსეული სიბერე
28. დემოკრატიის ინსტიტუტი
29. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
30. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
31. ქართველ და გერმანელ ქალთა განათლების და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
32. გენდერული თანასწორობის ქსელი