განცხადებები

პოლიცია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკანონოდ ზღუდავს

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ტენდენციას, რომლის კიდევ ერთი მაგალითი ბექა გრიგორიადისის უფლებების დარღვევაა. პოლიცია კვლავ უკანონოდ უკრძალავს მოქალაქეებს, საპროტესტო აქციის დროს გაშალონ კარავი, თავს ესხმის მოქალაქეებს და ართმევს მათ საკუთრებას. 

28 მაისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში, რომელიც პარლამენტის შენობიდან 20 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული, უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა. 

იმავე საღამოს ბექა გრიგორიადისი შეეცადა სკვერში კარვის გაშლას, მაგრამ იქვე მობილიზებული რამდენიმე პოლიციელი მაშინვე თავს დაესხა და წაართვა კარავი. ბექა გრიგორიადისს და მის მხარდამჭერებს მეორე დღეს - 29 მაისსაც ჰქონდათ მცდელობა სკვერში გაეშალათ კარავი, მაგრამ პოლიციამ მათ იმავე ძალადობრივი მეთოდებით არ მისცა ამის უფლება. ინციდენტისას დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, ბეჟან წვიმიტიძე, რომელიც მობილური ტელეფონით იღებდა პოლიციის უკანონო ქმედებებს

ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის სპეციალური მიზანი იყო, აქციის მონაწილეებისათვის არ მიეცათ კარვის გაშლის უფლება. კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციას არ გაუფრთხილებია მოქალაქეები, არ გაეშალათ კარავი. ამასთან, კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა.  

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შეკრების შეწყვეტა ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ასეთი შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამ უფლებით სარგებლობისას მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი პროტესტი ნებისმიერი საკითხის მიმართ, საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე - საჯარო თავშეყრის ადგილებში. მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ კარავი და ის განათავსონ სკვერში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე. 

კარვის გაშლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა რამე სახის შეზღუდვას არ ადგენს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აკრძალავდა კარვის სკვერში განთავსებას.  „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია კარვის მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსება. კანონით აკრძალული არ არის კარვის გაშლა სკვერში ან ისეთ ადგილზე, რომლითაც არ იქმნება ტრანსპორტის სავალის ნაწილის გადაკეტვის თუ ადმინისტრაციული შენობის პარალიზების საშიშროება. შესაბამისად, სკვერში კარვის გაშლის აკრძალვა უკანონოა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ბექა გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევით და ამ დროს არაპროპორციული ძალის გამოყენებით უკანონოდ შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, ეს არ იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობით გამოწვეული და უფლების შეზღუდვისას არ ყოფილა გამოყენებული პროპორციულად შემზღუდველი ღონისძიება, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის პრაქტიკა. 

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი,
  2. სოციალური სამართლიანობის ცენტრი,
  3. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი,
  4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,
  5. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო,
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
  7. სასამართლოს გუშაგი,
  8. დემოკრატიის მცველები,
  9. საფარი,
  10. მედიის ინსტიტუტი,
  11. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  12. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  13. უფლებები საქართველო,
  14. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი,
  15. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED),
  16. თბილისი პრაიდი,
  17. მწვანე ალტერნატივა
  18. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  19. ქალთა ფონდი საქართველოში