განცხადებები

პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება

31 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და გურიაში ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.  ამ შეხვედრებისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. მან ასევე თქვა, რომ „ნაციონალების“ არცერთი ნარჩენი არ უნდა დატოვონ”. ამას ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ივნისის განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. ასეთ პირობებში, არ არის გასაკვირი, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად ოპოზიციის კანდიდატების მიერ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.  

ვფიქრობთ, რომ პრემიერისა და შსს-ს არაადეკვატური რეაქცია რეგიონებში განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ხელს უშლის სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპს და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

ეს განცხადებები კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, 8 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ ზეწოლის ფონზე, უკვე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რასაც რიგ საარჩევნო ოლქებში ოპოზიციური პარტიების პროპორციული სიების გაუქმებაც კი მოყვება. ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების  უმოქმედებამ კიდევ უფრო უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა იმ საშიშ ტენდენციაზე, რომელზეც ჩვენმა ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე გავამახვილეთ ყურადღება. მაგალითად, წინა დღეებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მარნეულში მათ მიერ წარდგენილმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბავაკან ასატრიანმა, ოზორგეთში ასევე მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ კილაძემ, დმანისში პროპორციული სიით წარდგენილმა კანდიდატებმა - კურბან მამედოვმა, მარინე ბეგდარაშვილმა, შოთა ადუაშვილმა და არველოდი რაზმაძემ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განცხადებები დაწერეს. საინტერესოა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ კურბან მამედოვმა მეორე განცხადებით მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც აღნიშნავდა, რომ მასზე სამმა დაუდგენელმა პირმა ღამის სააათებში განახორციელა ზეწოლა და ძალით დააწერინეს განცხადება. ასევე, აღსანიშნავია, რომ დმანისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის უკვე ექვსი წევრი აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარს. გარდა ამისა, ბლოკმა „არასაპარალამენტო ოპოზიციამ” დამატებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში მათ მიერ წარდგენილმა  კანდიდატებმაც გააუქმეს საარჩევნო რეგისტრაცია. კერძოდ, ქობულეთში სოფელ ლეღვას თემში კანდიდატმა კახა ანანიძემ, მოხსნა კანდიდატურა, რომელსაც, სანაცვლოდ მისივე განცხადებით, პატიმარი ოჯახის წევრისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დაპირდნენ.  ხულოს ოლქშიც სამმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. კერძოდ,  „არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა–ფიქრია ჩიხრაძის“ მიერ წარდგენილმა ზაურ შაინიძემ  და „ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციიის“ კანდიდატმა გიგლა სურმანიძემ. კანდიდატურა მოხსნა ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ ირემაძემ. რეგისტრაციიდან თავი მოიხსნეს თერჯოლაში, ბარდუბანის თემის მაჟორიტარობის კანდიდატმა - ტარიელ ბარდაველიძემ, გორში, სოფელ მერეთში კანდიდატმა მურმან გვიმრაძემ.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით 31 მაისს განცხადება გააკეთა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემაც, ვისი თქმითაც, მსგავსი ქმედებები პირდაპირ საშიშროებას წარმოადგენს არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის, ასევე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს საარჩევნო პროცესისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის საკმაოდ ბევრი ფაქტია დაფიქსირებული, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ზეწოლის გამო მოხდა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2014 წლის 30 მაისის მდგომარეობით, სხვადასხვა საარჩევნო ოლქსა და ცესკოში სულ 385-მა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა რეგისტრაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ ორია კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი. მოხსნილი პირებიდან 256 დამოუკიდებელი კანდიდატია, დანარჩენები კი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.

მიგვაჩნია, რომ მაშინ როდესაც სავარაუდოდ ზეწოლის შედაგად კანდიდატურების მოხსნა საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა, მთავრობის ხელმძღვანელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რაც აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო წაახალისებს.  ასეთი გზავნილები შეიძლება პირდაპირ ინსტრუქციად იქნას აღქმული იმ ადამიანების მისამართით, ვისაც ევალებათ არჩევნების ჩატარება, ან ამა თუ იმ ფორმით ჩართულნი არიან წინასაარჩევნო პროცესებში. იმის ნაცვლად, რომ პრემიერი ამ პრობლემას გამოხმაურებოდა, მკაცრად დაეგმო ეს საგანგაშო ტენდენცია და ის შეჩერებულიყო, საზოგადოება ისმენს ისეთ განცხადებებს, რითაც ასეთი ქმედებების არაპირდაპირი წახალისება ხდება. გარდა ამისა, ასეთი განცხადების არასწორად აღქმის რისკი განსაკუთრებით მაღალია საქართველოში, მმართველი პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ერთპარტიული თვითმმართველობის მრავაწლიანი ტრადიციიდან გამომდინარე.

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ: 

საქართველოს პრემიერმინისტრს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნასა და მრავალპარტიული დემოკრატიის კონსოლიდაციას;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  თავი შეიკავოს ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებისგან და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რეგიონებში საარჩევნო კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების უმოკლედ ვადებში შესწავლის მიზნით. 
 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია