ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ მშვიდობიან აქციებზე დაკავებულების უფლებების დაცვას
8 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვაგრძელებთ აპრილი-მაისის პერიოდში ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების უფლებების დაცვას. 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება 134 დაკავებული პირის შესახებ. ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს და განვუმარტავდით მათ უფლებებს.
ამ დროისათვის არსებული მდგომარეობით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური ტენდენციები:
დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების პრობლემა
დაკავებულს, დაკავებისთანავე აქვს უფლება, საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ აცნობოს ოჯახს/ადვოკატს.[1] ამის მიუხედავად, დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა. დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადვოკატებს მთელი ღამის განმავლობაში უწევდათ დაკავებულების „ძებნა“. ხშირად, დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენა მხოლოდ სხვადასხვა იზოლატორებში, მათ შორის, თბილისის გარეთ (თელავი, მცხეთა, დუშეთი, გორი, ხაშური) არსებულ იზოლატორებში, ადგილზე ვიზიტის შემდეგ ხერხდებოდა. ასევე, პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც დაზიანებების გამო იზოლატორების ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებებში იყვნენ გადაყვანილები.
დაკავების ვადის დაუსაბუთებელი გახანგრძლივება
ადმინისტრაციული დაკავება უმეტესად მაქსიმალური, 48 საათის ვადით, შაბლონური დასაბუთების საფუძველზე გაგრძელდა. როგორც წესი, დაკავების გახანგრძლივების შაბლონური დასაბუთება მოიცავდა მითითებას მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავების გახანგრძლივება საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვის ფარგლებში იკვეთებოდა, რომ არანაირი დამატებითი მტკიცებულება მოპოვებული არ ყოფილა ამ პერიოდში. უფრო მეტიც, უმეტესად 48-საათიანი დაკავების შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ დაკავებულები სასამართლოში არც კი მიიყვანა ვადის ამოწურვის შემდეგ. ამ დრომდე საქმეთა უმეტესობა სასამართლოში არაა წარდგენილი.
დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება
საგანგაშოა, რომ დაკავებულების უმრავლესობა მიუთითებდა დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულებაში მოუწია მკურნალობა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომლის განცხადებითაცდაწყებულია გამოძიება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, თუმცა, მისი შედეგების თაობაზე ამ დრომდე არაფერია ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, ამ ეტაპზე 30-მდე დაზარალებულს იცავს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, რომლებიც, მათივე განმარტებით, სამართალდამცავებმა მიაყენეს დაკავების დროს.
საქმეების განხილვა სასამართლოში
ამ დროისთვის, თბილსის საქალაქო სასამართლოს წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 16-17 აპრილს დაკავებული პირების საქმეები. პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა 12 საქმის განხილვა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები წარმოადგენენ დაკავებულების ინტერესებს. არსებული შედეგების მიხედვით, სასამართლომ ყველა პირი მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და მათ მიმართ გამოიყენა საკმაოდ მკაცრი სანქციები. კერძოდ, ერთ პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა (5 დღის ვადით), რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს უმკაცრეს სანქციას, ხოლო სხვა პირებს 2000 ლარიდან 2600 ლარამდე ოდენობის ჯარიმები შეეფარდათ. მხოლოდ ერთ პირს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. ჯარიმების საერთო რაოდენობა ამ დროისათვის შეადგენს - 20 700 ლარს.
განხილული საქმეები აჩვენებს, რომ მოსამართლეები[2], ძირითადად, ყოველგვარი ობიექტური მტკიცებულების გარეშე იღებდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილებებს. უფრო მეტიც, გარკვეულ საქმეებში თავად დაკავებულებმა წარადგინეს ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც ნათლად ჩანდა, რომ დაკავების დროს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ მოწმედ გამოძახებული პირების განმარტებები არ შეესაბამებოდა სასამართლოში მათ მიერვე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერების შინაარსს.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირების უფლებების დაცვას.
კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
უფლებები საქართველო (RG)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)