განცხადებები

ქვეყანაში არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, აუცილებელია, დაინიშნოს ახალი არჩევნები

დღეს საქართველო დგას მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისის წინაშე, რაც „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლების განმავლობაში გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯების, კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.   

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით ჩატარდა. „სამართლიანი არჩევნებისა“ და სხვა სადამკვირვებლო მისიების დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა სისტემური, ორგანიზებული დარღვევებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის უპირობო გამარჯვების უზრუნველყოფას. ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი, შესაბამისად, მისი შედეგები არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლების ნებას. 

სწორედ ამიტომ, სადამკვირვებლო მისიებმა 16 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მოუწოდეს, არ შეეჯამებინა არჩევნების შედეგები და დაენიშნა ხელახალი არჩევნები. ცესკომ არ გაითვალისწინა ეს მოწოდება და არჩევნები შეაჯამა, რაც, თავის მხრივ, გასაჩივრდა სასამართლოში, მაგრამ არც სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. 19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, პარლამენტის 30-მა წევრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. საკონსტიტუციო სარჩელი ეხებოდა ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების (არჩევნების საყოველთაობა და ხმის მიცემის ფარულობა) დარღვევას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ორივე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებები წარადგინა.  

მიუხედავად საკონსტიტუციო სარჩელისა, 25 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომა ჩანიშნა, სადაც პარლამენტის წევრების უფლებამოსილება უკანონოდ იქნა ცნობილი. საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებული იყო პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა. არაკონსტიტუციურად უფლებამოსილება ცნობილმა პარლამენტმა 26 ნოემბერს დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ნოემბერს კი ნდობა გამოუცხადა ახალ მინისტრთა კაბინეტს.  

ამავე დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 

ამ ქმედებებით სახელმწიფო, ფაქტობრივად, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რამაც საზოგადოებაში ლეგიტიმური პროტესტი გააჩინა. ქუჩაში მშვიდობიანად გასაპროტესტებლად გამოსული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა წამების, სხვა სასტიკ, არაადამიანურ, და დამამცირებელ მოპყრობას. გამოყენებული იყო არა უბრალოდ არაპროპორციული, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებთან სრულიად შეუთავსებელი და გაუმართლებელი ძალა. მიუხედავად ამისა, დღემდე არცერთი მოძალადე პოლიციელი არ არის დაკავებული. 

4-5 დეკემბერს ადგილი ჰქონდა რეპრესიების ახალ ტალღას, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, გაჩხრიკეს პოლიტიკური პარტიების ოფისები და აქტივისტური ჯგუფების წარმომადგენლების ბინები ისე, რომ ჩხრეკის პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს მათ ადვოკატებს.  

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, აუცილებელია, გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს მათ წინააღმდეგ არსებული საქმეები. ასევე, კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ორგანიზებასა და აღსრულებაში. აუცილებელია დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს რეალურად დამოუკიდებელი და პოლიტიკური პარტიების მიერ კონსენსუსით შერჩეული ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია.