განცხადებები

„რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის უფლებებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის” შესახებ” ე.წ. „რუსული კანონის” წინააღმდეგ საზოგადოების მასშტაბური პროტესტის დროს, 2023 წლის 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.[1] სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა მიმართ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებათა შორის იყო წიწაკის გაზი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. შედეგად, აქციის მონაწილეებმა მიიღეს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის ზაზა ბიღიაშვილმა ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა. ბიღიაშვილის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.   

ზაზა ბიღიაშვილი 2023 წლის 7 მარტს, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ლეგიტიმური სამოქალაქო პროტესტის გამოსახატად, აქციაზე მივიდა. პოლიციის მიერ დაშლისკენ მოწოდების შემდეგ, ზაზა ბიღიაშვილმა გადაწყვიტა, გასცლოდა ტერიტორიას, მაგრამ, ხალხმრავლობის გამო, თავისუფლად და სწრაფად სიარული იყო შეუძლებელი. ამასთან, იგი მოხვდა წიწაკის სპრეის მოქმედების არეალში, გართულებული ქონდა მხედველობა და უჭირდა გადადგილება. გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალებმა დაიწყეს გაზის კაფსულების სროლაც, რა დროსაც ბიღიაშვილს თვალში, სავარაუდოდ, ასეთი კაფსული მოხვდა, რომელიც მოხვედრის შემდეგ გასკდა.   

ზაზა ბიღიაშვილს იმავე ღამეს, 8 მარტს, აღმოუჩინეს გადაუდებელი დახმარება და ჩაუტარდა ოპერაცია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში”. პირველადი დასკვნით, ბიღიაშვილს ჰქონდა თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ღია ჭრილობა, ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა.    

ზაზა ბიღიაშვილის დასახმარებლად საქმეში ამ ეტაპზევე ჩაერთო „სამართლიანი არჩევნები” და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი” (GCRT), რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ბიღიაშვილისა და მისი ოჯახისათვის  აუცილებელი სამედიცინო, საექსპერტო და სხვა მხარდამჭერი სერვისის უზრუნველყოფა.   

თვალის კაკლის შენარჩუნებისა და ანთებითი პროცესის შეჩერების მიზნით ზაზა ბიღიაშვილს მეორე ოპერაცია 21 მარტს ჩაუტარდა. თუმცა, მან მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა და მისი აღდგენა შეუძლებელია. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობს.   

ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 14 მარტს  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დაინიშნა, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ისე „სამართლიანი არჩევნების” მიმართვის საფუძველზე. თუმცა, სახელმწიფო ექსპერტიზამ დასკვნისთვის 365 დღე განსაზღვრა. პარალელურად, ბიღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზიანების ხარისხის შესაფასებლად „სამართლიანმა არჩევნებმა” ალტერნატიულ დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართა.    

დამოუკიდებელი ექსპერტიზის პირველადი შეფასებით, ზაზა ბიღიაშვილის მიერ მიღებული დაზიანების ხარისხი არის მძიმე, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგული აქვს სრულად, ჩაშლილია თვალის ბადურა, მხედველობის აღდგენა ნებისმიერი სახის ჩარევისა და ოპერაციის მიუხედავად შეუძლებელია.   

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზაზა ბიღიაშვილი ორჯერ, 9 და 15 მარტს დაკითხა. მას ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.   

გარდა თვალის და ზოგადად მხედველობასთან დაკავშირებული მკურნალობისა, ვინაიდან ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ, ბიღიაშვილს დამატებით ესაჭიროება ნევროლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა.  

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკვეთრად შეიზღუდა ზაზა ბიღიაშვილის შრომისუნარიანობა. ამის შესახებ უფრო ზუსტ შეფასებას „სამართლიანი არჩევნები” ექპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გააცნობს საზოგადოებას.   

ამ დრომდე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ დაინტერესებულა ზაზა ბიღიაშვილის სოციალური საჭიროებებით, არ გამოუხატავს წუხილი ან თანადგომა მის და მისი ოჯახის მიმართ.    

ზაზა ბიღიაშვილის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად „სამართლიანი არჩევნები” და GCRT ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, როგორც შიდა ისე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.  

  

 
 
 

[1] არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება: „მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა“ - https://isfed.ge/geo/gantskhadebebi/mshvidobiani-samoqalaqo-protestis-tsinaaghmdeg-politsiam-ukanono-da-araproportsiuli-dzala-gamoikena