განცხადებები

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირველობას

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად აფასებს ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ავტორობით საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს არჩევნების შედეგების დროულად გამოცხადებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს და საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, კერძოდ:

 

1. საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გადაიგზავნება.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 71-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია შემაჯამებელი ოქმი შედგენისთანავე მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით გადაუგზავნოს ცესკოს. კანონმდებლობის ეს მოთხოვნა ემსახურება შედეგების დროულად და ეფექტურად მიწოდებას ცესკოსთვის, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს გაგზავნილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას, რაც არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ საარჩევნო კანონმდებლობით განმტკიცებული მნიშვნელოვანი მექანიზიმია. თუმცა, ცესკოსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება მის მიერ შედეგენილი შემაჯამებელი ოქმები ცესკოს საოლქო საარჩევნო კომისიის მეშვეობით გაუგზავნოს, რაც გამორიცხავს არჩევნების შედეგების დროულ ხელმისაწვდომობას, საოლქო საარჩევნო კომისიის სახით ქმნის დამატებით ბარიერს და შედეგების საჯაროობის თვალსაზრისით წარმოადგენს არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ არაფერია ნათქვამი კანონპროექტის განმარტებით ბარათში და შესაბამისად, უცნობია, რა მოტივი და მიზეზი ამოძრავებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმები მიიღოს არა პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან არამედ საარჩევნო ოლქებიდან. ასევე, პროექტის მიხედვით, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე  ვალდებული აღარ იქნება  არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ცნობა თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით არჩევნების შედეგების შესახებ.

 

2. ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა არა სრულ საარჩევნო პერიოდზე, არამედ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დღეს მოქმედი რედაქციით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 47-ე მუხლი კრძალავს ამომრჩევლის მოსყიდვას არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. ინიცირებული პროექტის მიხედვით აკრძალვის ეს ვადა მცირდება და მოიცავს პერიოდს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით. შესაბამისად, მეორე ტურის შემთხვევაში, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული 47-ე მუხლით დადგენილი აკრძალვა ვეღარ გავრცელდება პირველი ტურის კენჭისყრის დღესა და არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნამდე შორის პერიოდზე, სადაც კანდიდატების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის რისკები მაღალია. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 600,000 ამომრჩევლისთვის ე.წ. “ვალების განულების” ინიციატივა, სწორედ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში განხორციელდა, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს ავტორობით ინიცირებული ცვლილებები ამომრჩევლის მოსასყიდად კანონის გვერდის ავლის საშუალებას აჩენს.

 

3. იკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა 

აღნიშნული შეზღუდვის მიზანი ბუნდოვანია და შეიცავს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა მობილიზების პროცესში ხელის შეშლის რისკებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში შეზღუდვის მიზანი დასაბუთებული არ არის.

 

პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი ძირეულად ცვლის შედეგების საჯაროობის აქამდე არსებულ პრინციპს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო საკითხების კარგი პრაქტიკის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ პრინციპს, რომლის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო საკითხების ცვლილება არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი წლისა არ უნდა იქნას განხილული, თუ ეს ცვლილებები მიმართული არ არის ევროპული საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრებისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებისკენ.

შემოთავაზებული ცვლილებების პრობლემური ნაწილი კი, სრულიად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარსულში პოზიტიურად შეფასებულ რეფორმას და საარჩევნო პროცედურებს, რაც განაპირობებს არჩევნების შედეგების დროულად გამოქვეყნებას და შესაბამისად, არჩევნების დაცვას მანიპულაციების და გაყალბებისგან.

უარყოფითად უნდა შეფასდეს ასევე, თავად კანონპროექტის ინიცირების პროცესი, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატისგან დამოუკიდებლად, საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.

“სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა განიხილოს საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარის ჩართულობით და პროცესი წარმართოს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის ფონზე.

ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკოს გაუფრთხილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ავტორიტეტს, არ გადადგას ნაბიჯები, რაც გააუარესებს საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობის არსებულ სტანდარტებს, შეამცირებს ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და გაზრდის არჩევნების შედეგებით მანიპულაციის რისკებს.