განცხადებები

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, თიანეთის საოლქო და #20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდეს

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, თიანეთის საოლქო და #20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდეს. მას შემდეგ, რაც სასამართლომ ბათილად ცნო თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ორი განკარგულება, გამოძიების საგანი უნდა გახდეს კომისიის წევრთა მოქმედებების კანონიერება და ხომ არ ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი დანაშაულებრივ ქმედებას. 

2017 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის #19 საოლქო საარჩევნო კომისიის #16 და #17 განკარგულებები.  

სასამართლომ დაადგინა, რომ თიანეთის ოლქმა განკარგულებების გამოცემისას დაარღვია როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, აგრეთვე საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები განცხადება/საჩივრის წარდგენის წესისა და აქტის გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევასთან დაკავშირებით. 

აღნიშნული განკარგულებებით, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება, გაეხსნა #20 უბნიდან შემოსული პაკეტები და გადაეთვალა ბათილი საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო მეორე შემთხვევაში - შეეცვალა #20 საარჩევნო უბნის კეჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები, რამაც სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა შედეგები. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ დაადგინა, რომ (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი და სასამართლოს გადაწყვეტილება) #20 საუბნო კომისიის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში არ არის ასახული კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, ჩანაწერთა წიგნში არ არის დაფიქსირებული განსხვავებული აზრი ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებიდან გამოიკვეთა, რომ კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების შესახებ და 24 ბათილად ცნობილი ბიულეტენიდან ნაწილ მათგანში არც ერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული, მაშინ როდესაც ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლისას, გამოიკვეთა, რომ 24-დან 5 მათგანი სავარაუდოდ იყო შეცვლილი, რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება. 

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცესში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობას, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ ყოფილან მოწვეულები. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსაც არ ეძლეოდა საშუალება დასწრებოდა სხდომას, ვინაიდან ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არავის აძლევდა კომისიაში შესვლის უფლებას. თამაზ მეჭიაურის წარმომადგენლის განცხადებით, „ბათილი ბიულეტენების კონვერტი მათთვის წესის დაცვით არ უჩვენებიათ და გამოთქვა ეჭვი, რომ შესაბამისი წესით არც იყო დალუქული“. 

მიგვაჩნია რომ ზემოაღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ შეიცავს, როგორც დისციპლინური გადაცდომის, აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სამართალდამცავ ორგანოებს: შეისწავლონ ზემოაღნიშნული ფაქტი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. 

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)