საგანგებო განცხადება გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2016 წლის 17 მაისამდე და მის შემდეგ პერიოდში, ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ჰომოფობიური ძალადობის განმეორებად და მზარდ შემთხვევებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.
2013 წლის 17 მაისს, საეკლესიო, ექსტრემისტული და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებული მასობრივი ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის შემდეგ, ლგბტ აქტივისტებს არ ეძლევათ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოში. ეს განპირობებულია სახელმწიფოს არსებითად არაეფექტური, დისკრიმინაციული პოლიტიკითა და გაბატონებული ჰომოფობიური დისკურსის მიმართ პოლიტიკური ხელისუფლებისა და ელიტების ლოიალობით.
მიუხედავად იმისა, რომ წინა წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც ლგბტ თემსა და აქტივისტებს არ მიეცათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, 2016 წლის 17 მაისამდე და მის შემდგომ პერიოდში, ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ სპორადული ძალადობის ათეული შემთხვევა გამოვლინდა. ძალადობის ფაქტები სავარაუდო მსხვერპლების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) გამო სიძულვილის მოტივით განხორციელდა და ძირითადად ღამით, საჯარო სივრცეში, უცნობმა პირებმა ჩაიდინეს. მათ შორის,
• 22 აპრილს, ასევე 18 მაისს, გამოვლინდა ქუჩაში ახალგაზრდების ცემის ფაქტები. ახალგაზრდა ბიჭების მიერ საყურის ტარება მოძალადეებმა სოგი-ს და 17 მაისს დაუკავშირეს და სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ისინი სცემეს;
• 28 აპრილს და 21 მაისს, ქუჩაში, სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით, ძალადობისა და მუქარის დამოუკიდებელი ფაქტები დაფიქსირდა სათემო ორგანიზაციების - „ლგბტ საქართველოსა“ და „თემიდას“ წარმომადგენლების მიმართ;
• 21 მაისს, ქუჩაში, სავარაუდოდ ჰომოფობიური მოტივით, დანით დაჭრეს ორი ახალგაზრდა. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივი და ჰომოფობიური მასშტაბური კონტრდემონსტრაციის შემდეგ, ლგბტ თემის წევრების მიმართ ასევე დაფიქსირდა ძალადობის ესკალაცია. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG), ორგანიზაცია იდენტობის და სახალხო დამცველის მიერ გამოვლინდა თემის წევრებზე თავდასხმის 32 შემთხვევა.
შექმნილ სიტუაციაში, თემის წევრები, განსაკუთრებით კი ლგბტ აქტივისტები შიშში, სტრესსა და დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ მუდმივი საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევთ არსებობა. პოლიციის არაეფექტური რეაგირებისა და ხშირად მათი მხრიდან ჰომოფობიური მოპყრობის გამო, ფაქტობრივად, მარტოები რჩებიან ძალადობისა და დევნის პირისპირ.
პოლიციისა და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა ლგბტ თემში განსაკუთრებით გაღრმავდა, მიმდინარე წლის 17 მაისს, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული შსს-ის თანამშრომლების ჯგუფის მიერ, ლგბტ აქტივისტების რეპრესიული და არაპროპორციული დაკავების ფაქტის შემდეგ, როდესაც ისინი საკუთარი პროტესტის გამოხატვას ცდილობდნენ საპატრიარქოსთან. 2013 წლის 17 მაისის, ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის საქმის არაეფექტური გამოძიებისა და სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ პირთა შეკრების თავისუფლების დასაცავად მიღებული იმთავითვე არაპროპორციული და უსუსური საპოლიციო ზომების გათვალისწინებით, ლგბტ აქტივისტების მიმართ გამოვლენილი რეპრესია პოლიტიკურ და სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს და სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე მიუთითებს. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ლგბტ აქტივისტების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის ფაქტები კი ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზების პრობლემაზე მიუთითებს.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობებისა და ძალადობის ზრდა, ერთი მხრივ, ორგანიზებული პოლიტიკური, ექსტრემისტული და საეკლესიო ჯგუფების საქმიანობის, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს არსებითად არაეფექტური, დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. ამ კუთხით განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას გახმაურებეული ჰომოფობიური დანაშაულების, მათ შორის, 2013 წლის 17 მაისს აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევისა და ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეების არაეფექტური გამოძიებისა და ამ საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული ტენდენციური და დაუსაბუთებელი გამამართლებელი გადაწყვეტილებების პრობლემას, რაც სახელმწიფოს უსამართლო პოლიტიკისა და ჰომოფობიური განწყობების მიმართ ლოიალობის ცხადი მაგალითია. პატრიარქალურ და არასეკულარიზებულ საზოგადოებაში ჰომოფობიის პრობლემასთან ერთად, ჩვენს რეალობაში ლგბტ საკითხების მკვეთრი პოლიტიზირების გამო, ჰომოფობიის მასშტაბი საზოგადოებაში კიდევ უფრო მზარდია. იგი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა შრეში აღწევს და ინსტიტუციონალიზდება. საჯარო დისკუსიების დროს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური ენის ტირაჟირება რეალურ ძალადობაში ტრანსფორმირდება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერები ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას
• დროულად გააკეთოს საჯარო განცხადებები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლისა და ანტიდისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ, რასაც მზარდი ჰომოფობიური განწყობებისა და ძალადობის ფონზე არსებითი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და სამოქალაქო მშვიდობის დაცვისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას
• უზრუნველყოს ბოლო დროს გამოვლენილი ჰომოფობიური დანაშაულების ეფექტური და დროული გამოძიება, მათ შორის, სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება, საქმისთვის სათანადო კვალიფიკაციის მიცემა და შესაბამისი პირების სამართლიანი დასჯა;
• განახორციელოს ადეკვატური საინფორმაციო პოლიტიკა, რომელშიც მოხდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით აღიარებული მკაცრი პოლიტიკის მნიშვნელობისა და სახელმწიფოს მხრიდან მსგავს დანაშაულებთან ბრძოლის მზადყოფნის დეკლარირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
• დაუყოვნებლივ მიიღოს პრევენციული საპოლიციო ზომები ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პოლიციის სპეციალური ცხელი ხაზის ამუშავება და ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, სპეციალური სამუშაო და საკომუნიკაციო ფორმატის შექმნა;
• მკაცრი რეაგირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჰომო/ბი/ტრანსფობიური ენის გამოყენებისა და ლგბტ თემის წევრების მიმართ გამოვლენილი გულგრილობის ფაქტებზე.
საქართველოს პარლამენტს
• მიიღოს პარლამენტის წევრების ეთიკასთან დაკავშირებული რეგულაციები სიძულვილის ენის პრევენციის მიზნით;
• განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ.
პოლიტიკურ პარტიებს
• თავი შეიკავონ ჰომო/ბი/ტრანსფობიური ენის ტირაჟირებისგან და პატივი სცენ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეას;
• გააკეთონ კრიტიკული საჯარო განცხადებები მზარდი ჰომოფობიური ძალადობის ფაქტების მიმართ.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
დამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ლგბტ საქართველო;
იდენტობა;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
თანადგომა;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
ჰერა XXI;