განცხადებები

საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააკნინოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი

გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე დისკუსიასა და გაურკვევლობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეგმავს. მოგვიანებით, 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და დაგმო რუსეთის მცდელობა „მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია.“ პარლამენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შექმნილი ვითარების სერიოზულობა და საქართველოს მთავრობის მხრიდან უკანასკნელ მოვლენებზე რეაგირების აუცილებლობა.

თუმცა, 28 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საბჭოს ზოგიერთი წევრის (საქართველოს მთავრობის წევრების) პოზიციის გამო. კერძოდ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის თარიღი გერმანიაში მის დაგეგმილ ვიზიტს ემთხვევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენეს 28 ოქტომბერს საბჭოს სხდომის გამართვის მიზანშეწონილობა საბჭოს ზოგიერთი წევრის თბილისში შესაძლო არყოფნის გამო. პეტრიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სხდომის თარიღის საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან შეთანხმების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის გამო უკვე გაუქმდა ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას. რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეპუბლიკასთან გასაფორმებელი ხელშეკრულება სწორედ ამგვარ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და უშიშროების საბჭოს მდივანი. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იქნენ ასევე სხვა პირებიც.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ფერხდება მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებელი მუშაობის გამო. სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ თანამდებობის პირს შორის ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია, და თუნდაც კამათი, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს შორის დაპირისპირება აშკარად სცილდება ასეთი ჯანსაღი პროცესის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას და მოქალაქეთა ნდობას მათ მიმართ. ამასთან, სამწუხაროა, რომ დაპირისპირების მიზეზი და მსჯელობის საგანი ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხები უფროა, ვიდრე ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური პრობლემები.

მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციით დადგენილ ფუნქციებს და იმოქმედოს, პირველ რიგში, კანონის მოთხოვნებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)