სახალხო დამცველმა გიორგი სავანელისა და მიხეილ ჩარკვიანის საქმესთან დაკავშირებით კულტურის მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა
სახალხო დამცველმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს წინადადებით მიმართა, განახორციელოს ცვლილებები სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულებაში და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიიღოს კონკურსის ჩაშლისა და სამხატვრო ხელმძღვანელების საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშვნის გადაწყვეტილება.
სახალხო დამცველმა აღნიშნული წინადადება ,,სამართლიანი არჩევნების” 5 აპრილის მიმართვის საფუძველზე მიიღო. ISFED-მა განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის მონაწილეების, მიხელ ჩარკვიანისა და გიორგი სავანელის საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებებისა და ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით.
სახალხო დამცველის შეფასებით, კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პრაქტიკა შრომითი უფლებების, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვის, შემოქმედებითი თავისუფლების დარღვევის და კანდიდატების განსხვავებული შეხედულებების ან სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობას ქმნის.
მიხეილ ჩარკვიანის საქმე
მიხელ ჩარკვიანი მონაწილეობდა სსიპ ,,ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში. კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და განიმარტა, რომ ახალგაზრდა რეჟისორი კარიერის მოცემულ ეტაპზე ვერ შეძლებდა ქუთაისის დრამატული თეატრის მმართვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩარკვიანს სფეროს წარმომადგენლები და საბჭოს წევრები მხარს უჭერდნენ, მინისტრმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.
მიხელ ჩარკვიანი ხანგრძლივი დროის განვალობაში მუშაობდა სამინისტროს დაქვემდებარებულ თეატრებში, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პროექტებს, მისი საქმიანობა დადებითად ფასდებოდა სახატვრო ხელმძღვანელებისა და საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ. ამ ფონზე, მინისტრმა საკუთარი შეხედულებით, ერთპიროვნულად დანიშნა სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე პირი, რომელსაც პროექტების მმართვის გამოცდილება არ ჰქონდა.
გიორგი სავანელის საქმე
გიორგი სავანელი მონაწილეობდა სსიპ ,,სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ და სსიპ ,,გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევ კონკურსებში. გორში სამხატვრო ხელმძღავნელების შესარჩევი კონკურსი მინისტრის 2022 წლის 24 იანვრის ბრძანების საფუძველზე ჩაშლილად გამოცხადდა.
გიორგი სავანელს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელების საშუალებით პირდაპირ მისწერა: ,,გამარჯობა, ბატონო გიორგი! რა პროფესიული და სხვა თვისებები გამოავლინეთ, არ მგონიხართ სახელმწიფო თეატრისთვის შესაბამისი კანდიდატი და, რასაც თქვენ ოპონირებას უწოდებთ უბრალოდ უარგუმენტო ლანძღვაა.“
სავანელი მიღებულ გადაწყვეტილებას პირდაპირ უკავშირებს თავის კრიტიკულ შეფასებებს კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იგი იყო დამდგმელი რეჟისორი სპექტაკლის ,,ხალხის მტერი“, სწორედ აღნიშნულმა სპექტაკლმა გამოიწვია დმანისის მუნიციპალიტეტის უყმაყოფილება და დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის ჩაშლა.
სახალხო დამცველის შეფასება
სახელმწიფო პროფესიული სამხატვრო ხელძღვანელების შესარჩევ პროცესში პრობლემური იყო მინისტრის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, რაც დაუსაბუთებული და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა თეატრისა და შემოქმედებითი პროცესის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პრინციპებს ეფუძნება. სწორედ შემოქმედებითი თავისუფლების უზრუნველყოფისთვის იყო მნიშვნელოვანი სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესში სარეკომენდაციო საბჭოს როლი, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევას სარეკომენდაციო საბჭოს და თეატრალური საბჭოს შეთანხმებით მოიაზრებდა. ამის მიუხედავად, მინისტრს აქვს სამხატვრო ხელმძღვანელების ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებით დანიშვნის უფლებამოსილება. მინისტრმა კანდიდატების სარეკომენდაციო საბჭოსთვის წარდგენა მიზანშეუწონლად ჩათვალა და კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, დმანისის სახელმწიფო დრმატული თეატრის შემთხვევაში კონკურსის ჩაშლის შემდეგ ერთპიროვნულად მიიღო სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება. ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი იყო კრიტერიუმები, რითაც სამინსიტრომ იხელმძღავნელა სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატების წარდგენის პროცესში.
სახალხო დამცველმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხატვრო ხელძღვანელების შერჩევის პროცესში დარგის სპეციალისტების (სამხატვრო და სარეკომენდაციო საბჭოს სახით) მონაწილეობის მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს აქვს სამხატვრო ხელძღვანელების საკუთარი შეხედულებით შერჩევის უფლებამოსილება ,,პროფესიული თეატრების შესახებ” საქართველოს კანონში ასახული დებულებები და სულისკვეთება ამის საპირისპირო მოთხოვნებს ადგენს. კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე მიღება პირდაპირ უწყობს ხელს შემოქმედებითი თავისუფლების სფეროში ჩარევას და ზრდის დისკრიმინაციული და არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკს.
სამართლიანი არჩევნები”, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, ჩვენ მზად ვართ თქვენი უფლებების დასაცავად!