განცხადებები

სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას

„სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების გამო, რომელთა მონაწილეებიც ფიზიკურად  უსწორდებიან ჟურნალისტებს და გამოირჩევიან აგრესიით.

საეკლესიო და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების არამშვიდობიანი შეკრება რამდენიმე ადგილას დაუფარავი სიძულვილისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს. ძალადობრივი აქციების მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს; თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს და შეეცადნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმას. ამ ფონზე, ღირსების მარშის მონაწილეებს არ მიეცათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 

თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის კერები სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად ვერ აღკვეთეს, ხოლო, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია ‘‘ღირსების მარშის’’ გამართვა და მარში “რევანშისტულ, რადიკალურ” პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა. ამდენად, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა მოძალადე ჯგუფები, რამაც საფრთე შეუქმნა ათეულობით ჟურნლისტის და აქტივისტის უსაფრთხოებას.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია როგორც ჟურნალისტისთვის როფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი კანონდამრღვევი პირების დაკავების შესახებ.

ნათელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის აქტები და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტები.