საკონსტიტუციო სასამართლომ ISFED-ის და საიას სარჩელი დააკმაყოფილა
2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა 6 მოქალაქის სარჩელი, რომლის ინტერესებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნებისა“ და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები იცავდნენ. მოსარჩელეები ითხოვენ, საარჩევნო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები.
ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები მერობისა და გამგებელობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მოქალაქეებს აიძულებდა ასოცირებულნი ყოფილიყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.
მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებს. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ნორმა გულისხმობს იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, განახორციელოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება ანუ იყოს კანდიდატად წარდგენილი მერის/გამგებლის არჩევნებში. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. მერობის/გამგებლობის დამოუკიდებელ კანდიდატს სწორედ აღნიშნულ უფლებას უკრძალავს გასაჩივრებული ნორმები.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მერები და გამგებლები, როგორც აღმასრულებელი ორგანოები ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. შესაბამისად, ეს თანამდებობა, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის. სადავო ნორმებით დადგენილი წესი ქმნის ბარიერს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისთვის. დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულება გახდეს ამა თუ იმ პირისა და ჯგუფისთვის სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობისთვის უარის თქმის საფუძველი.
სასამართლოს შეფასებით, სადავო ნორმები ზღუდავს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატების წარდგენის უფლებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან, რომელიც ქმნის საარჩევნო უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, რომელიც იცავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.