განცხადებები

საკრებულოს სხდომის დახურვა მიღებულ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობას უკარგავს

თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ, სხდომას დაესწრებოდნენ მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მოქალაქეების ინტერესებისა და დედაქალაქის განვითარების ზრუნვის არის მოტივირებული. აღსანიშნავია, რომ სხდომის დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემის საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადოს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ საკრებულოს, როგორც საჯარო კოლეგიურ ორგანოს სხდომის დახურვის შესახებ წინასწარ არ უმსჯელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.  

გარდა ამისა, გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით შესაძლოა შეზღუდულიყო დაინტერესებული პირების, მათ შორის პარლამენტის დეპუტატების, სხდომაზე დასწრება. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო კოლეგიური ორგანოს სხდომაზე დასწრების იმგვარ შეზღუდვას, რასაც ადგილი აქვს თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომაზე განიხილება სახელმწიფო, კომერციული ან პერსონალური ხასიათის შემცველი ინფორმაცია. სხვა შემთხვევებში, ნებისმიერ პირს შეუძლია დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომებს. 

ამ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დახურვის ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონია. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შესახებ არის უკანონო, ეწინააღმდეგება „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საკრებულოს სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.