“სამართლიანი არჩევნები“ 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების არჩევის საკითხს ეხმაურება
2013 წლის 26 თებერვლის #7/2013 დადგენილებით ცესკომ 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა. ინსტრუქციით განიმარტა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრისა).
მიგვაჩნია, რომ ცესკოს ზემოაღნიშნული განმარტება კანონის არსისა და მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მოხდა. კერძოდ, 2009 წელს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ საარჩევნო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრულიყო ვალდებულება იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კომისიის მდივნის თანამდებობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს დაეკავებინათ, რაც შესაბამისობაში მოდიოდა, ასევე, ეუთოს სადამკვირებლო მისიის რეკომენდაციებთან. ამ მიზნის მისაღწევად, 2009 წლის 29 დეკემბერს საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი უნდა არჩეულიყო „პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან, გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიისა.“
აღნიშნული ცვლილების შედეგად, 2010 და 2012 წლების არჩევნებზე მდივნის პოზიციების დაკავება მმართველი პოლიტიკური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა სხვა პარტიას შეეძლო. ამჟამად, ცესკომ
„წინა საპარლამენტო არჩევნებში“ საუკეთესო შედეგის მქონე პარტიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნია, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებში ბლოკის და არა პარტიის სახით მონაწილეობდა. შესაბამისად, ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში მდივნის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა მხოლოდ მმართველი კოალიციის წევრი პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებს მიეცათ, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერცერთი მდივნის დანიშვნა ვერ დანიშნა.
მიგვაჩნია, რომ კანონის მსგავსი განმარტება ეწინააღმდეგება პოლიტკური პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, კანონის მიზანსა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ვფიქრობთ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამზე აუცილებელია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რათა გამოირიცხოს ერთი პოლიტიკურ ძალის დომინირებული მდგომარეობა საარჩევნო ადმინისტრაციაში.