„სამართლიანი არჩევნები“ ახალ რეპრესიულ და ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს
2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მე-3 მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონპროექტები, რომლებიც ზღუდავს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, არსებითად აუარესებს საკანონმდებლო გარემოს და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისათვის შესაბამის ინსტიტუციურ საფუძვლებს ქმნის. ცვლილებები შევიდა სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, საარჩევნო კოდექსსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში.
1. გაერთიანების, პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო და საჯარო თანამდებობის დაკავების თავისუფლებებთან დაკავშირებული ცვლილებები
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, გარდა პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აქტის გაუქმებისა, პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს შეზღუდვებს ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის. კერძოდ, მათ აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, პოლიტიკური პარტიის ორგანოს წევრობა, პოლიტიკურ პარტიაში პარტიული თანამდებობის დაკავება, საყოველთაო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოს წევრის ან არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება, თუ ამ აკრძალვას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
ასევე, თუ მოსარჩელე ითხოვდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი დაქვემდებარებოდა უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ, ეს გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტისა და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობას. მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვასთან დაკავშირებითაც.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებითაც შეზღუდვები დაწესდა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული ექნება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. შეზღუდვების ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების ანალოგიურია. კერძოდ, ასეთ პირებს:
- არ შეეძლებათ პარტიის შექმნა.
- არ შეეძლებათ, იყვნენ პარტიის წევრები, პარტიის ორგანოს წევრები ან ეკავოთ პარტიული თანამდებობა.
გარდა ამისა, პარტიებს აეკრძალებათ ამ პირებისგან შემოწირულებების მიღება.
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებები
საქართველოს საარჩევნო კოდექსში განსაზღვრული ცვლილებებით, დგინდება, რომ პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, შემდეგ შეზღუდვებს დაექვემდებარება:
- არ შეიძლება პარტიულ სიაში შეყვანილ იქნეს/ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან;
- საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით;
- საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს;
- პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება;
- მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება.
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები
ზემოთ აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან ხელს შეუშლის მის შესრულებას.
მიღებული ცვლილებები შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად და მიმართული იყოს არსებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოლიტიკური პარტიების განადგურებისკენ, პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, რაც სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან.
ამასთანავე, ცვლილებები ქმნის კოლექტიური პოლიტიკური პასუხისმგებლობის საშიშ პრეცედენტს, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისათვის ზიანის მიმყენებელია. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მაღალი პოლიტიზაციის პირობებში, მიღებული მექანიზმები შესაძლოა არამართლზომიერად იქნას გამოყენებული კონკრეტული საარჩევნო სუბიექტებისა თუ პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგოდ, მათ შორის საპარლამენტო მანდატის ხელშეუხებლობის პრინციპის გვერდის ავლით. აღნიშნულ უფლებაში მსგავსი ჩარევა არ არის პროპორციული და მეტად საზიანოა საარჩევნო თუ პოლიტიკური გარემოს სიჯანსაღის კუთხით, რომელმაც შეიძლება შექმნას იმდაგვარი შეუქცევადი პროცესები, რომლებიც არსებითად დააზიანებს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და პლურალიზმს.
მიღებული ცვლილებები ავტორიტარიზმისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც იგი ქმნის პოლიტიკური მონოპოლიზაციის საშიშ რისკებს, რომლის დროსაც მმართველ პარტიას მუდამ შეიძლება ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამომრჩეველს არ ჰქონდეს ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. რეალური პოლიტიკური პარტიები შესაძლოა ჩაანაცვლონ სატელიტმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა. ამავდროულად, საფრთხე ექმნება ხელისუფლების გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპს, რა დროსაც ოპოზიციის სუსტმა საპარლამენტო წარმომადგენლობამ, შესაძლოა ვერ უზრუნველყოს დემოკრატიულ პროცესებზე შესაბამისი ზედამხედველობა.
2. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის სანქციების გამკაცრებას, რაც წარმოადგენს რეპრესიული მექანიზმების გაძლიერების ინსტრუმენტს, რომელიც შემზღუდავად მოქმედებს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაციაზე. მაგალითისათვის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აქამდე მოქმედი რედაქციით კი მსგავსი ქმედებისთვის გათვალისწინებული იყო სამართალდამრღვევის დაჯარიმება 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღემდე ვადით. შესაბამისად, ცვლილებების შედეგად იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა გაუქმდა. რაც მოსამართლეს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების გამოყენებით შედარებით მსუბუქი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უქრობს.
შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების, ცივი იარაღის ან პიროტექნიკური ნაწარმის, ან იმდაგვარი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. აქამდე არსებული რედაქციით მსგავსი ქმედებებისათვის გათვალისწინებული იყო ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
დროებითი კონსტრუქციების მოწყობისათვის და ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შემთხვევაში განისაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცვლილებებით გაუქმდა სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესაძლებლობა 5 000 ლარის ოდენობით. ასევე, ორგანიზატორებისათვის გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 20 დღემდე.
მიღებული ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას და ქმნის მათში არაპროპორციული ჩარევის რისკს. ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც ერთადერთი სანქციის სახით დატოვება და ჯარიმის ამოღება, სახელმწიფოს ართმევს შესაძლებლობას, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასოს და გამოიყენოს სამართალდარღვევის სიმძიმესთან შესაბამისი, უფრო მსუბუქი ზომა. სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების პირობებში, განსაკუთრებით საგანგაშოა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების გაზრდაც. როდესაც სასამართლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს რეალურ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, პირებისათვის მიუწვდომელი რჩება სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობა.
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები
ცვლილებები ასევე შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომელიც, ფაქტობრივად უფლების არაპროპორციულად შეზღუდვას იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის საშუალებით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის (მაგ. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, დაბრკოლებების განზრახ შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევები და ა.შ) ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა უკვე პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რაც თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის უზრუნველყოფილი, სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე გადაწყვეტილებებს ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით და მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში იღებენ და პირებს უსაფუძვლოდ ცნობენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად, სისხლის სამართლის კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი ცვლილებები ქმნის თვითნებობის დიდ საფრთხეს და წარმოადგენს რეპრესიულ ინსტრუმენტს, რომელმაც მიზანმიმართულად შეიძლება შეზღუდოს აქტივისტთა საქმიანობა და ხელყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა.
მაგალითისათვის, პირის მიერ შეკრების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა პირველადად გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო მეორე ჯერზე პირს უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად პრობლემურია იმის ფონზე, რომ ვენეციის კომისიამ, მის მოსაზრებაში ნათლად განმარტა, რომ დემონსტრაციებზე სახის დაფარვა დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროთი. ასევე, სახის დაფარვა შესაძლოა გამოიყენონ ადამიანებმა, რათა დაიცვან თავი შესაძლო რეპრესიებისგან, ღიად გამოხატონ საკუთარი პოზიცია ან რელიგიური შეხედულებები. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს სახის დაფარვას, დეტალურად განმარტების გარეშე. კანონში არ არის მითითებული, თუ როდის შეიძლება იყოს სახის დაფარვა ნებადართული ან აკრძალული. კომისიის თქმით, ეს პრობლემურია, რადგან კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ისეთ ყოფით საგნებზეც, როგორიცაა შარფი, ქუდი ან სამედიცინო ნიღაბი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონის განჭვრეტადობასა და პროპორციულობას.