განცხადებები

,,სამართლიანი არჩევნები’’ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო.  პრობლემური იყო  ქუთასის, დმანისისა და გორის სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების  შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსებიც. პროცესში გამოიკვეთა კანდიდატების განსხვავებული შეხედულებების გამო დევნისა და კონკურსის სხვა არსებითი პრიციპების დარღვევის ფაქტები. მსგავი პრობლემები გამოიკვეთა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის პროცესშიც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადა ამოიწურა 2022 წლის 31 მაისს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის 2022 წლის 31 მაისის  ბრძანებით, გამოცხადდა სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი აჭარის რეგიონში მოქმედ ორ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. 

გავრცელებული ინფორმაციით,1 არსებობდა დაპირისპირება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ჩხაიძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შორის.  გიორგი ჩხაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე თავისი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდებოდა და სოციალურ ქსელში ღიად და საჯაროდ აკრიტიკებდა მმართველ პარტიას, რაც გახდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი. კერძოდ, სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის მიწურულს, 2022 წლის 31 მაისს დილის საათებში, გიორგი ჩხაიძე  ეწვია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს რამდენიმე საკითხის განსახილველად. გიორგი ჩხაიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ აპირებდა სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას, ახალი სამოქმედო გეგმითა და პროექტებით. მინისტრმა კი განუცხადა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი უკვე შერჩეული იყო ირაკლი კიკვაძის სახით და მის მონაწილეობას შესარჩევ კონკურსში არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. მინისტრის ამ გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ჩხაიძემ აცნობა საზოგადოებას მედიის საშუალებით.

 

მინისტრის განცხადება წინასწარ შერჩეული კანდიდატის შესახებ დადასტურდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამაც გამოავლინა სარეკომენდაციო საბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის ფორმალური ხასიათი, საბჭოს და შემდეგ სამინისტროს არ უხელმძღვანელია პრიციპით - შეერჩია საუკეთესო კანდიდატი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გათვალისწინებულა კანდიდატთა განათლება და გამოცდილება, რაც გახდებოდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

აღსანიშნავია, რომ ამ საბჭოს არ ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. სარეკომენდაციო საბჭოს სხდომის ოქმით დგინდება, რომ გასაუბრებას საბჭოს 1 წევრი არ დაესწრო, ხოლო მეორე  წევრმა თვითაცილებას მიმართა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო საბჭოს დარჩენილმა სამმა წევრმა. საბჭოს დებულების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება არანაკლებ 4 წევრი. ამდენად, კანონმდებლობის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილება გამოცემისთანავე არის კანონსაწინააღმდეგო და არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. კონკურსის ფორმალურობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა კონკურსანტმა გამოხატა სურვილი კონკურსის გასაუბრების ეტაპის ვიდეოჩაწერაზე ხოლო უშუალოდ იმ პირმა, რომელიც წინასწარ ცნობილი იყო, რომ  გამარჯვებულად გამოცხადდებოდა - ირაკლი კიკვაძემ - ამაზე უარი განაცხადა.

კულტურის სფეროში მიმდინარე მასშტაბური საკადრო ცვლილებებისა და საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინიტროს მიერ განხორციელებული სადავო საკონკურსო პოლიტიკის მიმართ არსებული საფუძვლიანი ეჭვების გათვალისწინებით, უფრო მეტად იდგა კონკურსის პროცესის პროცესის ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვის საჭიროება, რაც სარეკომენდაციო საბჭოსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ კონკურსის  სხვადასხვა ეტაპზე დაირღვა.

 

,,სამართლიანი არჩევნები’’ გიორგი ჩხაიძის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს და  ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის შედეგებს გაასაჩივრებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, ჩვენ დაგეხმარებით! დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge 

 

ISFED,   USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის  მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამას და უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

 

 

1. https://www.facebook.com/TV25ge/videos/76242426846777
https://tv25.ge/news/culture/maia-khajishvilma-tojinebis-teatris-samkhatvro-khelmdzghvaneli-da-direqtori-gaatavisufla?fbclid=IwAR1QIppxJVoRq_5Qz9U3QK8KdqsuGfXy-TTx-U1W7wGIkzm3dqc2zg6wxfw