განცხადებები

„სამართლიანი არჩევნები” ეხმიანება 2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ ჯგუფური ძალადობის ფაქტებს

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვის აკრძალვის მოთხოვნით ძალადობრივი აქციები გაიმართა, რომლებიც, ძირითადად, „ალტ-ინფოსა“ და პარტია „ქართული იდეის“ ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული. 5 ივლისის ძალადობას წინ აგრეთვე უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადება, სადაც მან „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ ოპოზიცის მიერ ქაოსისა და სამოქალაქო არეულობის შემოტანად შეაფასა

რუსთაველის გამზირზე ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების შეკრება სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებსა და  ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებში გადაიზარდა, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე მძიმედ. „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ფიზიკური დაზიანებები მიიღო, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.  

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ძალადობრივი აქცია სპონტანური არ ყოფილა. არამედ, წლების განმავლობაში რადიკალური და კრემლთან კავშირში მყოფი ჯგუფების მიერ სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური გზავნილების პროპაგანდისტული მეთოდებით მიზანმიმართულად გავრცელების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს. ძალადობრივ აქციებამდე „ალტ-ინფოს“ ლიდერები სოციალური მედიისა გამოყენებით ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მათ შორის ძალადობის გამოყენებით და ამ საკითხს ყველას მოვალეობად წარმოაჩენდნენ. 

გამოძიების შედეგად პასუხისგებაში მიეცა ძალადობის უშუალოდ ჩამდენი არაერთი პირი, თუმცა ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგაც, საჯარო სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომი არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები და წამქეზებლები დაუსჯელნი არიან. საქართველოს მოქალაქეთა ერთ ნაწილს, ლგბტქი+ თემსა და მის მხარდამჭერებს კი უჭირთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზება. 

„სამართლიანი არჩევნები“ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სრულყოფილად გამოიძიონ 2021 წლის 5 ივლისს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულები და აღასრულოს მართლმსაჯულება ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ.