სამართლიანი არჩევნები” ეხმიანება ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმისა და საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს
2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში, პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფისის გახსნის შემდეგ, ნიკა მელია ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას თავს დაესხა პირი, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ქუჩაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, რამდენიმე ადამიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა. დაპირისპირების ინიციატორთა და მონაწილეთა შორის იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები/აქტივისტები.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ფაქტებს წინ უძღოდა 26 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, განცხადება, რომლის მიხედვითაც „ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, მათ პასუხს მოსთხოვენ“. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება ძალადობის წამახალისებელი და წინასაარჩევნო გარემოსთვის ზიანის მომტანია.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია.
„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს:
- სამართალდამცავ ორგანოებს, სრულფასოვნად გამოიძიონ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება;
- მმართველი პარტიის ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, წაახალისონ ძალადობა და დააზიანონ საარჩევნო გარემო.