განცხადებები

„სამართლიანი არჩევნები“ ეხმიანება თუმანიშვილის თეატრში განვითარებულ მოვლენებს

„სამართლიანი არჩევნები“ ეხმიანება კულტურის სფეროში განხორციელებულ მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს, რომელიც ამჯერად თუმანიშვილის თეატრში მიმდინარეობდა.

თუმანიშვილის თეატრში, რამდენიმე თვის წინ, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ მალევე დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც ჩატარდა წინასწარი კვლევისა და საჭიროებების გამოკვეთის გარეშე, შემცირდა შტატების რაოდენობა თეატრში. ამას მოჰყვა მსახიობთა სამსახურიდან წასვლა, ნაწილის გათავისუფლება, ნაწილისთვის, კი, შრომითი უფლებების მნიშვნელოვანი გაუარესება.

გაუგებარია, რა ობიექტური საჭიროება არსებობდა, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ, თუმანიშვილის თეატრში რეორგანიზაციის ჩასატარებლად და რას ეფუძნებოდა მსახიობთა ხელფასების რიგ შემთხვევაში 300 ლარამდე შემცირება. ამგვარი ღირსების შემლახავი მოპყრობა ვერ გამართლდება ბიუჯეტის შეზღუდულობით, რადგან სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის ხელფასები გაიზარდა, ამასთან, თეატრის საბიუჯეტო დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით არ შემცირებულა.

ხელფასების მკვეთრმა კლებამ გამოიწვია თეატრიდან მსახიობების წასვლა, რიგ შემთხვევაში კი ადმინისტრაციამ გასათავისუფლებელ პირებს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა.

რეორგანიზაციის შედეგად მსახიობთა ნაწილი, რომლებიც თეატრში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, გადაიყვანეს შტატგარეშე თანამშრომლის პოზიციაზე, რაც შრომითი უფლებრივი მდგომარეობის საუარესოდ შებრუნებად უნდა შეფასდეს.

ასევე, საგულისხმოა მსახიობებთან მოკლევადიანი (8 თვიანი)  ხელშეკრულებების დადება, რაც ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას, რომელიც გამონაკლისის გარდა დაუშვებლად მიიჩნევს 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებას. მოკლევადიანი ხელშეკრულებები დაუცველს ხდის დასაქმებულს, ამცირებს მის შრომით გარანტიებს. 

თუმანიშვილის თეატრის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებები შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს. მსახიობები საუბრობენ, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ პირებს განსხვავებული ხელფასი განესაზღვრათ.[1] საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, დისკრიმინაციული საფუძვლით.[2]

აღსანიშნავია ისიც, რომ „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრავს კონკრეტულ პასუხისმგებლობას დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილზე თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულების  დარღვევისთვის.[3]

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, თეატრის თანამშრომელთა მიმართ უხეშად დაირღვა  შრომითი კანონმდებლობა. თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ღირსების შემლახავი, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა თეატრში დასაქმებულ ადამიანთა უფლებები და შემოქმედებითი პროცესი.

„სამართლიანი არჩევნები“ კულტურის სფეროში სხვადასხვა დარგში დასაქმებული არაერთი ადამიანის უფლებებს იცავს სასამართლოსა და სხვა რელევანტური ორგანოების წინაშე. სამწუხაროა, რომ კულტურის სფეროში შრომითი უფლებების დარღვევა სისტემურ ხასიათს იძენს.

 

 

 

 

 

 

[1]https://www.facebook.com/mautskebeli.ge/posts/pfbid02hkfRiJLgNRXVRzR8rEmW473B1WwVsqKeJCNRgg6fBFNQVgYcAspt2xqt41JaXb6Wl

[2] საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, მუხ. 2.2

[3] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხ. 78