განცხადებები

„სამართლიანი არჩევნები” ცესკო-დან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ბევრმა საჯარო მოსამსახურემ ღიად დააფიქსირა პოზიცია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაყრდნობით. ეს ნორმა პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას კონსტიტუციურ ორგანოებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საჯარო მოსამსახურეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა „ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესის დაანონსება. ამის პარალელურად, „ქართული ოცნების" წევრებმა დაჩქარებული წესით, 13 დეკემბერს, მესამე მოსმენით მიიღეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. ცვლილებებით უარესდება არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება და ირღვევა საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის სულისკვეთებას.

ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული პირები გათავისუფლდნენ, არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2024 წლის 16 დეკემბერს, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაციის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა, გათავისუფლებული თანამშრომლები მიუთითებენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან. 

გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ  სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მათი ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები.

სხვები რეორგანიზაციას უკავშირებენ არა რეალურ საჭიროებებს, არამედ თავმჯდომარის პირად ანგარიშსწორებას 2024 წლის 16 ნოემბერს ცესკოში მომხდარი ფაქტის გამო. როგორც მედიაში გავრცელდა, ცესკოს წევრმა  „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ, ცესკოს თავმჯდომარეს სახეზე შავი საღებავი შეასხა. აღსანიშნავია, რომ დავით კირთაძის მეუღლე, სოფიო სიჭინავა, ცესკოში ერთ-ერთი დეპარტამენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. სიჭინავამ მომხდარის შემდეგ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად სწორედ ეს დეპარტამენტი გაუქმდა და გათავისუფლდა დეპარტამენტში დასაქმებული ყველა პირი. სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესის წარმართვა, ასევე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარება. დეპარტამენტი ამზადებდა ჩატარებული არჩევნებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორიციელებული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა უწყებისთვის, მათ შორის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშებს. რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება 2025 წლის 20 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა. რეორგანიზაციის შედეგად ასევე გათავისუფლდნენ ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ოთხი და შრომის უსაფრთხოების ჯგუფის ერთი წევრი, ასევე თავმჯდომარის ორი მრჩეველი.

2024 წლის 16 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება №01-148 ცესკოს აპარატში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ. რეორგანიზაციის მიზნად ცესკოს ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფაა მითითებული. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს დაევალა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს, 2024 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება,  რომლის საფუძველზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურების ოდენობა და ხარჯთაღრიცხვა განსაზღვრა. ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმში №46/2024 მითითებულია, რომ ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა კომისიის წევრებს დეტალურად გააცნო განკარგულების პროექტი. ამავე სხდომის ოქმში განმარტებულია, რომ კომისიის წევრებს მოსაზრებები/შენიშვნები არ გამოუთქვამთ და გადაწყვეტილება რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ერთხმად იქნა მიღებული.

17 დეკემბრის სხდომის ოქმში არ არსებობს დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა რეორგანიზაციის საჭიროება. საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, ცესკომ 18 დეკემბრის განცხადებით, უკვე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება სცადა, შემდეგი არგუმენტაციით: "ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას.“

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა. გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რა საჭიროებებს, პრინციპებსა და მიზნებს დაეფუძნა რეორგანიზაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საჯარო სტრუქტურაში განხორციელებული რეორგანიზაციის პროცესი კანონითა და სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ამ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათთვის არავის განუმარტავს, რატომ გაუქმდა მათი საშტატო ერთეული და რა საჭიროებამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება. რეორგანიზაციის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა ცესკოს რეალურ არსობრივ, სტრუქტურულ და ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისკენ.

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 6  პირის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოში სარჩელს წარადგენს. 



„სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით  გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143

info@isfed.ge

ზარი უფასოა.