განცხადებები

სამართლიანი არჩევნები ზუგდიდში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს გმობს

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება, რომ დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

#67.17 ზუგდიდის #53 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეკრებილი აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს აიძულებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული მოთხოვნა ენმ-ს წევრებმა არ შეასრულეს, რის შემდეგაც აქტივისტები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად ენმ-ს რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელია. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, ხოლო დამატებითი ეკიპაჟები ინცინდენტის ადგილზე მხოლოდ მოგვიანებით მივიდა. 

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უბნის მიმდენარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მობილიზებული იყვნენ სპორტსმენებიც. სამწუხაროა, რომ  პოლიტიკური დაპირისპირებისათვის სპორტსმენების ფიზიკური ძალის გამოყენების სახიფათო პრაქტიკა კვლავ გრძელდება.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, შეკრებილი აქტივისტები სკანდირებდნენ: „მკვლელებს სკოლაში [უბანი განთავსებულია სკოლის შენობაში] არ ესაქმებათ, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას“.
 
„სამართლიანი არჩევნები“ გმობს აღნიშნულ ინცინდენტს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს. 

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ინციდენტის ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, მნიშვნელოვანია, პოლიციამ არჩევნების დღის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. 

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს აღკვეთონ ყოველგვარი აგრესიული ქმედება და თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი ესკალაციისგან. 


საკრებულოს 22 მაისის შუალედური არჩევნებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  გარდაბნის, გლდანის, ზუგდიდის, კასპის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და ხობის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 40-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება.