განცხადებები

„სამართლიანი არჩევნების” დახმარებით კიდევ ერთმა მოქალაქემ შეძლო სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა

2024 წლის 23 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უკანონოდ ცნო სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ბრძანება იური მაჭარაშვილისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების შეფარდების თაობაზე. ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,შემოსავლების სამსახურს“ მაჭარაშვილის სასარგებლოდ 2021 წლის დეკემბრის თვის  პრემიის ანაზღაურება დაეკისრა.

იური მაჭარაშვილი სსიპ ,,შემოსავლების სამსახურში“ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ოფიცრის თანამდებობაზე 2019 წლიდან არის დასაქმებული. 2021 წლის 9 ნოემბერს მაჭარაშვილმა „შემოსავლების სამსახურს”, შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა, იმაზე მითითებით, რომ სამსახურში დანიშვნიდან მისი შრომითი ანაზღაურება არასოდეს გაზრდილა. მაჭარაშვილის თქმით, ამ განცხადების გამო სამსახურის ხელმძღვანელობას მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

საკითხის ობიექტური შესწავლის მიზნით, აღნიშნულ საქმეში ჩართვის მოთხოვნით, მაჭარაშვილმა განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატშიც წარადგინა. მაჭარაშვილის მოსაზრებით, შრომითი ანაზღაურების გაზრდის მიზნით წარდგენილი ზემოაღნიშნული განცხადებები შემდგომ მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და სამსახურებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა. 

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტურამდე, 27 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ თბილისში ფართომასშტაბიანი სააგიტაციო შეხვედრა გამართა. აქციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირებიც ესწრებოდნენ. მაჭარაშვილის განცხადებით, აქციის დღეს „შემოსავლების სამსახურის” თანამშრომელთა დიდი ნაწილი სამსახურებრივი მოვალეობისგან გაათავისუფლეს  (მაჭარაშვილსი  თქმით, ასეთი მასშტაბური გათავისუფლება არასდროს მომხდარა) და ბევრი მათგანი მივიდა კიდეც აქციაზე. ამ შემთხვევის გამო მაჭარაშვილს გაუჩნდა შინაგანი პროტესტი, რადგან  ეს ქმედება მმართველი პარტიის მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე  ზეწოლად ჩათვალა,  ამის გამო, მაჭარაშვილმა სოცილურ ქსელში, ფეისბუქის „სთორიში”, პირადი მომხარებლის გვერდზე, დროებით, მხოლოდ 24 საათით, გამოაქვეყნა შენობის დერეფნის სურათი წარწერით „სად არის ხალხი, ხალხი აქციაზეა". აღნიშნული ,,სთორის“ საფუძველზე მაჭარაშვილის მიმართ დაიწო დისციპლინური საქმისწარმოება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება, რის გამოც მას არ მისცეს დეკემბრის თვის პრემია დანამატი. 

„შემოსავლების სამსახურმა” დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად სამსახურის შინაგანაწესის  დარღვევა დაასახელა, რომლის თანახმადაც,  საჯარო ან პირად საუბრებში სამსახურის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს,  ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი, თუ მის გარეთ.  სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნით, რაც საფუძვლად დაედო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ბრძანების გამოცემას, დადგინდა, რომ სოციალურ ქსელში საჯაროდ სამსახურის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებით თანამშრომელმა ზიანი მიაყენა სამსახურის რეპუტაციას.

2022 წლის  30 მაისს, სახალხო დამცველმა წინდადადებით მიმართა „შემოსავლების სამსახურ“. სახალხო დამცველის განმარტებით, იური მაჭარაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდა მისი გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის შედეგად და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უწყებას მიმართა  წინადადებით ჩაატაროს სათანადო მოკვლევა იური მაჭარაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ შესწავლის მიზნით.

იური მაჭარაშვილმა სასამართლოში დავა დაიწყო როგორც „შემოსავლების სამსახურის” ბრძანების ბათილად ცნობისა და პრემიის ანაზღაურების დაკისრების, ისე  მის მიმართ განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაჭარაშვილის საქმეზე 2023 წლის  16 ნოემბერს  მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც მიუთითა იმ სამართლებრივ გარანტიებზე, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაცვას უზრუნველყოფს და დაადგინა, რომ არ არსებობდა მაჭარაშვილისთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის შეფარდების საფუძვლები, თუმცა მის მიმართ დისკრიმინაცია არ დაადგინა. 

სასამართლოს შეფასებით, ცილისწამებისათვის პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის  დაკისრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მის მიერ პირის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, ზიანის მიმყენებელი  ინფორმაციის გავრცელება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს სწორედ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

სასამართლოს განმარტებით, იური მაჭარაშვილის სადავო განცხადება არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ ფაქტზე, როგორც ობიექტურად არსებულ გარემოებაზე მითითებას და იგი უფრო მოსარჩელის პირადი მოსაზრების შინაარსის მატარებელია. ამასთან, რაც მთავარია, სოციალური ქსელის მომხმარებლის პირად გვერდზე განთავსებული ფოტოკოლაჟი, სადაც მხოლოდ შენობის შიდა სივრცეა აღბეჭდილი, არ იძლევა რაიმე იდენტიფიცირების  შესაძლებლობას. სამსახურის რეპუტაციული დაზიანების შეფასებისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. „სთორიზე“ მცირე დროით ინფორმაციის განთავსება, კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, ფოტოზე აღბეჭდილი შენობის მოპასუხე დაწესებულებასთან გაიგივების შესაძლებლობას არ ქმნის.

,,სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან  უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. სასამართლოში იური მაჭარაშვილის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი -  თეონა კილაძე იცავდა.

ამ საქმეს „სამართლიანი არჩევნები” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

 

0 800 100 143

info@isfed.ge

ზარი უფასოა