განცხადებები

,,სამართლიანი არჩევნების” დახმარებით საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირმა მოიგო დავა სასამართლოში

2024 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ზვიად ყალიჩავას სარჩელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ. სასამართლომ ბათილად ცნო მინისტრის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სერტიფიკატის მინიჭებაზე. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრება) შედეგები, 2023 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმი და თანდართული გასაუბრების ოქმი ზვიად ყალიჩავას ნაწილში. 

ზვიად ყალიჩავამ საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევ კონკურსში  სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება წარმატებით დაძლია, მაგრამ სამინისტროს საკონკურსო კომისიამ შემდეგ - გასაუბრების ეტაპზე საკმარისი  ქულები არ მიანიჭა. სამინისტროს საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რა გახდა საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატის დაწუნების საფუძველი. კომისიასთან გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობდა დარღვევებით, კერძოდ, კონკურსანტებისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი შეფასების დადგენილი კრიტერიუმები, ასევე, არ მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესის ვიდეო-აუდიო ჩაწერა, არ გამოცემულა დასაბუთებული აქტი კონკურსანტებისთვის უარის თქმის შესახებ. გასაუბრება დაახლოებით 7 წუთი მიმდინარეობდა, რაც არასაკმარისი დრო იყო კანდიდატის სრულყოფილად შესაფასებლად. 

სამინისტროს არც სასამართლო პროცესზე წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რატომ ვერ აკმაყოფილებდა კონკურსანტი საკონკურსო პირობებს და რა იყო მისთვის სერტიფიკატის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს არ დაუსაბუთებია ის გარემოება, თუ რატომ ვერ გადალახა ზვიად ყალიჩავამ გასაუბრების ეტაპი, რატომ შეფასდა ის უარყოფითად. სამინისტროს მიერ გამოცემული აქტები არ შეიცავს რაიმე მითითებას წარდგენილი მტკიცებულებების და არსებული პრაქტიკის ერთობლიობაში განხილვა-ანალიზისა და გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული მსჯელობის შესახებ, რაც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, ასევე, არ დაუსაბუთებია, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო მოსარჩელესთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება.

სარჩელით, ასევე, მოთხოვნილი იყო ხელახალი კომისიის შექმნა და გასაუბრების ჩატარება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ აქტის ბათილობა ზვიად ყალიჩავას ნაწილში და ხელახალი განხილვით  დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება ადმინისტრაციული ორგანოსთვის გულისხმობს სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლას.

ზვიად ყალიჩავას ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეა თედლიაშვილი იცავდა.

 

„სამართლიანი არჩევნები” უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან  სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით უკანონოდ გათავისუფლებულ პირებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143;

info@isfed.ge

ზარი უფასოა.