„სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით სამმა მოქალაქემ სახელმწიფოსთან დავა სამივე ინსტანციაში მოიგო
2026 წლის ივლისში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, უკანონოდ ცნო მარინა თაქთაქიშვილის, თეიმურაზ საყვარელიძისა და ე.ს.-ის სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2021 წლის 25 ნოემბერს, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ დაიწყო რეორგანიზაცია თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მომუშავე პირთა კომპეტენციის დასადასტურებლად ტესტირება დაინიშნა ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. ტესტირებაზე პროფესიული კითხვები არ ყოფილა და დადგენილი არ იყო კომპეტენციის დადასტურების მინიმალური ზღვარი.
მოსარჩელეებმა წარმატებით გაიარეს როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპები, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზოგიერთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მათ, ვინც დატოვეს, ახალი ხელშეკრულებები გაუფორმეს. აღნიშნული დროებითი აღმოჩნდა და ახალი მინისტრისთვის მიუღებელი კადრების „წმენდის“ ახალი ტალღა 2022 წელს, 9 თვის შემდეგ, კვლავ რეორგანიზაციით დაიწყო. ამ დროს, 2022 წლის 15 იანვარს, თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს და საფუძვლად მიუთითეს, რომ მათი კომპეტენცია დაკავებულ პოზიციას არ შეესაბამებოდა.
აღსანიშნავია, რომ არცერთი რეორგანიზაციის დროს გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები. მათ ნაცვლად კომისიაში მოწვეული ექსპერტების რანგში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც სფეროს წარმომადგენლები არ იყვნენ ძირითადად იურისტები, რომლებიც სვამდნენ ზოგად კითხვებს, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა მოსარჩელეთა საქმიანობასთან. ამავდროულად, არ ხორციელდებოდა გასაუბრების აუდიო/ვიდეოჩაწერა.
მარინა თაქთაქიშვილი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2012 წლიდან მუშაობდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. იყო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს არამატერიალური მემკვიდრეობის სექციის მდივანი. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო სამეცნიერო მუშაობასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციასთან; შექმნილი აქვს არაერთი ნაშრომი და კვლევა. 2021 წლის რეორგანიზაციის შემდეგ მარინა თაქთაქიშვილი სამსახურში დატოვეს, თუმცა 9 თვის შემდეგ სააგენტოში კვლავ დაიწყო რეორგანიზაცია, რომლის დროსაც მოსარჩელე კომისიისთვის არასასურველი კანდიდატი აღმოჩნდა და იგი სამსახურიდან სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს.
თეიმურაზ საყვარელიძე სააგენტოში დასაქმებული იყო მისი შექმნის დღიდან, 2009 წლიდან, სამეურნეო განყოფილებაში და მისი ფუნქცია ლოგისტიკური საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი გახლდათ. 2021 წლის რეორგანიზაციის დროს თეიმურაზ საყვარელიძე სამსახურიდან არ გათავისუფლებულა, თუმცა 9 თვის შემდეგ ახალი ხელმძღვანელობისთვის მისი გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა და სამსახურიდან უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლეს.
ე.ს. სააგენტოში დასაქმებული იყო მისი შექმნიდან, 2009 წლიდან, აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის რეორგანიზაციის შემდეგ გადაიყვანეს ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. მის ფუნქციებში შედიოდა სააგენტოს ფინანსური ანგარიშების მართვა, აღრიცხვა-ანგარიშგება, ასევე სხვა სამსახურებთან კოორდინაცია. მრავალწლიანი საქმიანობის მიუხედავად, 2022 წლის რეორგანიზაციის შემდეგ ე.ს.-იც, სხვა მოსარჩელეთა მსგავსად, სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდა.
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რეორგანიზაციების შედეგად სამუზეუმო საქმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგად არის ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, ამ მასშტაბის კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა.
„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას შრომით დავებში სამართლიანი და არადისკრიმინაციული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ან სხვა დისკრიმინაციული ნიშნით გაგათავისუფლეს, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@isfed.ge