განცხადებები

,,სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით სასამართლომ კიდევ ერთი მოქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო

2026 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თინათინ ჭელიშვილის სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს” 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა.

მოსარჩელე თინათინ ჭელიშვილი 2023 წლის 2 ოქტომბრიდან აღნიშნულ სააგენტოში, ქუთაისში, მედიატორის პოზიციაზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამუშაო ადგილი ქუთაისი იყო, თანამშრომელთა რესურსის სიმცირის გამო, მას მედიაციის საქმეები სხვადასხვა რეგიონის ქალაქებში, მათ შორის ჭიათურაში, ზესტაფონსა და ბათუმში იმართებოდა, რის გამოც მას ხშირად უწევდა მივლინება. 2023 წლის 28 ოქტომბრიდან ჭელიშვილს შრომითი ხელშეკრულება რამდენიმეჯერ გაუგრძელდა, რომელთაგან ბოლო 2025 წლის 1 იანვარს გაფორმდა და ვადა იმავე წლის 31 მარტამდე განისაზღვრა. 31 მარტს მოსარჩელეს სატელეფონო კომუნიკაციით აცნობეს, რომ მას შრომით ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდნენ. 

თინათინ ჭელიშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიციურად ასრულებდა, რის გამოც მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არასდროს ყოფილა გამოყენებული. გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჭელიშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა. იგი მის სამსახურიდან გათავისუფლებას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბათილად ცნო სააგენტოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესაბამისი კომპენსაციისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი, ანა ჩაფიძე, იცავდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა, რომ: „მხარეთა შორის დადებული არცერთი შრომითი ხელშეკრულება ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადის გასვლას, რაც მოსარჩელე მხარეს ამ საფუძვლით გათავისუფლების მოლოდინს არ შეუქმნიდა. მართალია, საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ვადის გასვლის გამო, თუმცა კონკრეტულ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება სპეციფიკური პირობებით. ეს პირობები ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთ საფუძვლებსაც ითვალისწინებდა, რომლებიც კანონში პირდაპირ მითითებული არ იყო. მხარეები შეთანხმდნენ სწორედ ამ ინდივიდუალურ პირობებზე, რომლებიც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ვადის გასვლას არ მოიაზრებდა“.

ცნობისთვის, 2024 წლის 30 ნოემბერს საჯარო მოსამსახურეების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების შესახებ, ისევე როგორც მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობას, მასშტაბური გათავისუფლების ტალღა მოჰყვა. ამის საფუძველზე, ბევრი საჯარო მოსამსახურე სამსახურიდან პროფესიული უნარების შემოწმებისა და ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე გაათავისუფლეს. ამ მოვლენებთან დაკავშირებული სასამართლო დავები დღემდე გრძელდება. „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა ნაწილმა უკვე შეძლო რამდენიმე დავის მოგება.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ: info@isfed.ge