„სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კიდევ ორი პირის სარჩელი დააკმაყოფილა
2024 წლის 2 და 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ეკატერინე მაისაიას და ეკატერინე სიდამონიძის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან“ გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ეკატერინე მაისაია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2004 წლიდან იყო დასაქმებული. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ იგი 2009 წლიდან თავდაპირველად ნებართვების სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი ის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა. რაც შეეხება ეკატერინე სიდამონიძეს, იგი ამავე სააგენტოში ეკონომიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 2011 წლიდან იყო დასაქმებული.
თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით, 2021 წლის 25 ნოემბერს სააგენტოში რეორგანიზაცია დაიწყო, რომელიც ორი ეტაპისგან - ტესტირება და გასაუბრება - შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მომუშავე პირთა ცოდნის შესაფასებლად ტესტირება განისაზღვრა ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. რეორგანიზაციის პროცესში არ შემოწმებულა დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა. პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ტესტირების პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე არ დადგენილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
მოსარჩელეებმა წარმატებით გაიარეს ტესტირება, თუმცა ეკატერინე მაისაია გასაუბრების ეტაპის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან, გათავისუფლების საფუძველში მიუთითეს, რომ მისი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა მის მიერ დაკავებულ პოზიციას.
ეკატერინე სიდამონიძეს კი გაუფორმდა ახალი ხელშეკრულება, თუმცა, მოგვიანებით, 9 თვის შემდეგ, სააგენტოში კვლავ დაიწყო რეორგანიზაცია, ამ პროცესის დროს თანამშრომელთა შეფასება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე მოხდა, რის შემდეგაც ეკატერინე სიდამონიძეც იმავე მიზეზით გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.
რეორგანიზაციის გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, რომელთაც პროფესიული ცოდნის საფუძველზე შეეძლოთ თანამშრომელთა (ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების, რესტავრატორების და სხვა) კომპეტენციის შეფასება. მათ ნაცვლად, საკონკურსო კომისიაში გადაწყვეტილებას იღებდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამდებობის პირები, ძირითადად, იურისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თანამშრომელთა შესაფასებლად საჭირო სპეციფიკური პროფესიული ცოდნა ან/და გამოცდილება. გასაუბრების პროცესში არ ხდებოდა აუდიო/ვიდეო ჩაწერა. ამ პირობებში ჩატარებული გასაუბრებისას, შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელეების ცოდნის/პროფესიული გამოცდილების სამართლიანი შეფასება.
მოსარჩელეებმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში გაასაჩივრეს. სასამართლომ გათავისუფლების ბრძანება მიიჩნია უკანონოდ, რადგან არ იყო დაცული არც ერთი რეორგანიზაციის შემთხვევაში კანონითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილი სტანდარტი და ორივე მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, მოპასუხე მხარეს კი დააკისრა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა. სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს „სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი - თეონა კილაძე იცავდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლის რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდნენ სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო, ხოლო სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება. „სამართლიანი არჩევნების” დახმარებით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა ნაწილმა უკვე შეძლო სასამართლოში რამდენიმე დავის მოგება.
,,სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. ამ საქმეებს „სამართლიანი არჩევნები” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
0 800 100 143
info@isfed.ge
ზარი უფასოა