განცხადებები

,,სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით ტყიბულის მერიიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ მეოთხე ბრძანებაც გაბათილდა

2023 წლის 18 იანვარს ტყიბულის მაგისტრატმა  სასამართლომ  „სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი საჯარო მოხელის, ლელა კახიძის სასარჩელო მოთხოვნები სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ დააკმაყოფილა. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე  გადაწყვეტილების მიღება.

ლელა კახიძე ტყიბულის მერიაში 2015 წლიდან მუშაობდა და იკავებდა პოზიციას. მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ლელა კახიძის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არასდროს დაკისრებია. მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებები იყო საუკეთესო. 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად ტყიბულში ახალი მერი - დავით ჩერქეზიშვილი აირჩა, რომელმაც, სწრაფადვე დაიწყო საკადრო ცვლილებები პირადი შეხედულებების მიხედვით.  2022 წლის 17 თებერვლის ბრძანებით, მერიაში დაიწყო რეორგანიზაცია, რომელიც  ძირითადი სამართლებრივი პრინციპის უხეში დარღვევით წარიმართა. 2022 წლის 16 მაისის ბრძანებით გათავისუფლებულთა რიგებში აღმოჩნდა ლელა კახიძეც. რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვა, არ შეფასებულა ლელა კახიძის  პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მახასიათებლები, მისთვის არ შეუთავაზებიათ ალტერნატიული ან ტოლფასი დაბალი რანგის თანამდებობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს სულ მცირე უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა მასთან მიმართებაში გაითვალისწინა და შეაფასა მისი როგორც პროფესიული ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები.

რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი მეგი ბაკურიძე იცავდა. 

„სამართლიანი არჩევნები”,  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge