სამართლიანი არჩევნების განცხადება ხმების გადათვლასთან დაკავშირებით
დღეს, 9 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა რეკომენდაციით, გადაითვალონ იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები, სადაც ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილია საჩივრები, ან/და ოქმებში გამოვლინდა მეტობით დისბალანსები.
''სამართლიანი არჩევნები'' მიიჩნევს, რომ საჩივრებით მოთხოვნილი საარჩევნო უბნების გადათვლა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით მისასალმებელი ნაბიჯია. ასევე აღსანიშნავია, რომ ''სამართლიანი არჩევნების'' დამკვირვებლებს, გარკვეული უბნების გადათვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს 2 საათით ადრე, თავად გადათვლა კი დაინიშნა ღამის 22:00 საათზე. ამის გამო, ორგანიზაციის დამკვირვებლები ხმების გადათვლას ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ვერ დაესწრებიან, თუმცა ორგანიზაცია შეზღუდული დროის გათვალისწინებით, მაქსიმალური ძალისხმევით დააკვირდება გადათვლის პროცესს.
მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, იმ შემთხვევაში, თუ ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ დადგება ისეთი შედეგი, რომელიც ცვლის საარჩევნო სუბიექტების შედეგებს, გაიხსნას ასეთი საარჩევნო უბნების სრული დოკუმენტაცია და მოხდეს აღნიშნული უბნების არა მხოლოდ ბათილი ბიულეტენების, არამედ საარჩევნო უბნის შედეგების სრულად გადათვლა - ამომრჩეველთა ხელმოწერების, სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში, ასევე, აუცილებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან კონსულტაცია და შესაბამისი ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის ფაილების გადამოწმება.