განცხადებები

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შესახებ

2013 წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინტერნეტ გვერდზე განათავსა მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც  თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი რეგისტრაციის სტატუსის შესახებ და გაეცნოს ხელახალი რეგისტრაციის პროცედურებს. აღნიშნული ბაზა, რომელიც საჯაროა, შეიცავს, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და პირად ნომერს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ნაწილს მიეკუთვნება ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი, სქესი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამომრჩევლის პირადი ნომრის გასაჯაროება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნებს. 
„სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება მის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების გათვალისწინებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და  რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის შექმნას, თუმცა მიიჩნევს, რომ არ უნდა მომხდარიყო მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება და საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

შესაბამისად, მივმართავთ:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს - მისი საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლებში დაუყონებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება. 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 

- დაუყონებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა პირადი ნომრების ფარულობა; 
- ასევე, დაიწყოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის აღნიშნულ სიაში გადაამოწმებისა და ხელახალი რეგისტრაციის გავლის მიზნით.