„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის შესახებ
მიმდინარე წლის 19 აპრილს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ხელმომწერმა მხარეებმა „ამბიციური საარჩევნო რეფორმის“ განხორციელების ვალდებულება აიღეს.[1] რეფორმა, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ წევრთა მაღალი კვორუმით არჩევას ითვალისწინებდა. მიმდინარე წლის ივნისში, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების არჩევისთვის განისაზღვრა შესაბამისი საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა, თუ კანდიდატები ხმათა საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებენ, განმეორებით კენჭისყრაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.[2]
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა შესარჩევი კონკურსი 3 აგვისტოს გამოაცხადა. გასაუბრების პროცესი შემჭიდროებულ ვადებში, 7 აგვისტოს ჩატარდა, 8 აგვისტოს ცესკომ საოლქო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. საკონკურსო კომისიის საქმიანობაში 17-ის ნაცვლად ცესკოს 15-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.[3]
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის 219 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 370 პირი მონაწილეობდა, საიდანაც ცესკომ 218 დროებითი წევრი აირჩია. თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიაში 1 ვაკანტურ ადგილზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. ცესკოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის 98 დროებითი წევრი (44.95%), ხოლო სრული შემადგენლობის უმრავლესობით − 120 წევრი (55.05%).[4] კონკურსში მონაწილე 370 კანდიდატიდან გასაუბრება გაიარა 180-მა პირმა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების 16.4%-ში კონკურენცია არ ყოფილა და 3 ვაკანსიაზე 3 განცხადება იყო წარდგენილი.[5]
დადებით შეფასებას იმსახურებს ცესკოს მიერ გასაუბრების პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია. ამ გადაწყვეტილებამ გასაუბრების პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას შეუწყო ხელი, თუმცა, ამავდროულად, კონკურსანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თვალი ედევნებინათ თავიანთი კონკურენტების გასაუბრებისთვის და წინასწარ მოემზადებინათ შესაბამისი პასუხები. კონკურსანტების ნაწილმა უარი თქვა მისი გასაუბრების ტრანსლირებაზე, რის გამოც კანდიდატები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებად შერჩეულ პირთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არიან დასაქმებულები. რამდენიმე შემთხვევაში, პროფესიულ წევრებად შერჩეული პირები აფილირებულნი არიან მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან საკუთარი ან/და საკუთარი ოჯახის წევრების ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობიდან გამომდინარე.[6] საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეულთაგან 2 პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.[7]
რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსს, საოლქო საარჩევნო კომისიებს 14-დან 17 აგვისტოს ჩათვლით განესაზღვრათ ვადა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად. 29 312 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში 30 580 პირი მონაწილეობდა, საიდანაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 წევრი აირჩიეს. 226 ვაკანსიაზე, რომელზეც კანდიდატთა შერჩევა ვერ მოხერხდა, კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით, გამოირიცხა საუბნო საარჩევნო კომისიებში იმ პირთა არჩევა, რომლებიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პარტიის მიერ იყვნენ დანიშნულები.[8] საუბნო საარჩევნო კომისიების 25 730 წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით (88.46%), ხოლო 3 356 წევრი (11.54%) - სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიეს. საარჩევნო უბნების 58%-ში 8 ვაკანსიაზე მხოლოდ 8 განცხადება იყო წარდგენილი.[9] მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა, კომისიის წევრთა შერჩევისას გამოვლინდა რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია, კერძოდ, დაფიქსირდა შემთხვევები, სადაც:
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა 8-ს აღემატებოდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ხმას აძლევდა სიის მიხედვით პირველ 8 კანდიდატს;
- საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებულები, მათი ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე შერჩეულ პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული;
- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში კონკურსანტების განცხადებები ერთგვაროვნად, სავარაუდოდ ერთი პირის მიერ იყო შედგენილი;
- უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობას არ იღებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში.
19 აპრილის შეთანხმება, როგორც პოლიტიკურ აქტორებს შორის მიღწეული კონსენსუსის გამოხატულება და მის საფუძველზე განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, მიზნად ისახავდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის გაზრდას, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საარჩევნო ადმინისტრატორთა მაღალი კვორუმითა (2/3) და მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩევით, განსაკუთრებით, ზედა დონეზე. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ისეთი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი კვორუმით არჩევა, კვლავ დღის წესრიგში ტოვებს საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს გამოწვევას, რაც ნდობის ნაკლებობას უკავშირდება. საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ დონეზე (ცესკოს ახალი წევრების შემთხვევაში 100% და ოლქების შემთხვევაში − 55.05%) კონკურსანტები დაბალი კვორუმით აირჩნენ. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციის ვერცერთ დონეზე მრავალპარტიული კონსენსუსითა და პოლიტიკურ აქტორთა მხარდაჭერით კომისიის წევრებთა დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა, გაზრდილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, კვლავ გამოწვევად რჩება.
„სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგს და დეტალურ მიგნებებს საზოგადოებას ორგანიზაციის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში მიაწვდის.
-----
[1] 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2UjxWxL
[2] საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, მიღების თარიღი: 28.06.2021, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5200931?publication=0#DOCUMENT:1; შენიშვნა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არჩეულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ „კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც.“ „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილების თანახმად, „თუ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად (წევრებად) არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი (კანდიდატები), რომელმაც (რომლებმაც) ხელახალი კენჭისყრისას სხვებზე მეტი ხმა მიიღო (მიიღეს).“
[3] კონკურსანტების არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა ცესკოს წევრებმა.
[4]„ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს 218 დროებითი წევრი აირჩია“, 8.08.2021, ცესკოს ოფიციალური ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cesko.ge/geo/list/show/124211-tseskom-saolqo-saarchevno-komisiebshi-dghes-218-droebiti-tsevri-airchia
[5] „საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კონკურსანტებთან გასაუბრებები ლაივ რეჟიმში წარიმართა“, 7.08.2021, ცესკოს ოფიციალური ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cesko.ge/geo/list/show/124202-saolqo-saarchevno-komisiebis-droebiti-tsevrobis-konkursantebtan-gasaubrebebi-laiv-rejimshi-tsarimarta-
[6] სიღნაღის, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლანჩხუთის, ფოთის, ბათუმის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ბაღდათის და ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიების შემთხვევებში.
[7] ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, დავით ხარჩილავას და დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, ნატო ლალიაშვილს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკისრებული აქვთ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
[8] საქართველოს საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პარტიის მიერ იყო დანიშნული.“
[9] „განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ“, 16.08.2021, ცესკოს ოფიციალური ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cesko.ge/geo/list/show/124432-gantskhadeba-saubno-saarchevno-komisiis-tsevrta-archevis-shesakheb