განცხადებები

„სამართლიანი არჩევნების” განცხადება საარჩევნო კოდექსში ინიციირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 20 მარტს მმართველი პარტიის დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში”. კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს შორისაა ორი მნიშვნელოვანი საკითხი: 

  1. უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად კანდიდატის ასარჩევად დადგენილი 40 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და საკმარისი ხდება შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმის მიღება;  
  2. პარტიას უფლება ეძლევა პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.  

2021 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოქმედი წესის თანახმად, მუნიციპალიტეტების საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატის არჩევისთვის საჭიროა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 პროცენტზე მეტის მიღება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, ადგილობრივ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ინიშნება მეორე ტური საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის, რომელთაგან გამარჯვებული ხდება ის, ვინც მეორე ტურში უფრო მეტ ხმას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ მაჟორიტარულ კომპონენტში მეორე ტურის შესაძლებლობის დანერგვას წინ უძღოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი. ამასთან, შემოთავაზებული ცვლილება და ბარიერის გაუქმება შესაძლებელს ხდის გამარჯვებულად გამოვლინდეს დაბალი მხარდაჭერის მქონე კანდიდატი, მაშინაც კი, როცა წინააღმდეგ, ან სხვა კანდიდატთათვის მიცემულ ხმათა ჯამი ბევრად აღემატება მის სასარგებლოდ არსებულ ხმებს.  

კანონპროექტით წარმოდგენილი მეორე ცვლილება ეხება საპარლამენტო არჩევნების დროს, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის კონკრეტული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვრას.  განმარტებითი ბარათის მიხედვით, პოლიტიკური გაერთიანებებისთვის პარტიული სიის წევრებისთვის საარჩევნო ოლქის (ოლქების) დელეგატის სტატუსის მინიჭების მიზანია საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების მოხდენა.  

„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, მოქმედი, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში,  წარმოდგენილი ინიციატივა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში რეგიონების რეალურ წარმომადგენლობას, არ შეიცავს ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის კავშირის ინსტიტუციონალურ საფუძველს, როგორც ხმის მიცემის, ისე მანდატების განაწილების პროცესში. შესაბამისად, წარმოდგენილმა ცვლილებამ, შესაძლოა, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირება, დეცენტრალიზაციის სტანდარტის მიხედვით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოების პასუხისმგებლობაა.  

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ 2023 წლის დეკემბერში გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა ხასიათდებოდეს სტაბილურობით, რაც გადამწყვეტია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობისთვის. იმავე შეფასებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების სიხშირე ბოლო წლებში არის თვალშისაცემი. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოს სჭირდება ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს. ასეთი რეფორმა კი უნდა გატარდეს არჩევნების პერიოდამდე საკმაო დროით ადრე და უნდა დაეფუძნოს ჩართულ მხარეებთან წარმოებულ ვრცელ კონსულტაციებს და ფართო კონსენსუსს.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საარჩევნო რეფორმა დააფუძნოს ფართო, ინკლუზიურ პროცესს. ამ ეტაპზე კი ძალისხმევა მიმართოს იმ საარჩევნო პრიორიტეტების შესრულებისკენ, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს პროგრესისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.