სამართლიანი არჩევნების განცხადება საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების თაობაზე
2012 წლის 24 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება #42/2012, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღებას არეგულირებს.
აღნიშნული დადგენილება 1 წლის წინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ყველა ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა.
გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო კვლავ განიხილვას ამ დადგენილების არსებობის მიზანშეწონილობას, გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსს“ და ზღუდავს კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით დადგენილ უფლებას ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
•„საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ განახორციელონ ფოტო-ვიდეო გადაღება. აღნიშნული მუხლი წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ნორმას, რომლის შეზღუდვის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არ აქვს. ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება ზღუდავს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. მაგალითად, დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინიმალური მანძილი ფოტო-ვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების ობიექტიდან, ასევე, დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, თუ პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, ის კარგავს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლებას. გარდა ამისა, დადგენილების ბევრი ნორმა არის ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ქმნის ფოტო-ვიდეო გადაღების უფლების შეზღუდვის მეტ შესაძლებლობას.
•„საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე, დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება ადგენდეს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწვრილებით აღწერას.
არსებული დადგენილება არ პასუხობს საარჩევნო კოდექსის მოცემულ მოთხოვნას, რადგან „საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი პირდაპირ არ მოითხოვს დადგენილების მიღებას და დამატებითი წესის განსაზღვრას. ამასთან, როგორც აღინიშნა, მიღებული დადგენილებით დაწესებულია უფრო ფართო შეზღუდვები ფოტო-ვიდეო გადაღებაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებულია საარჩევო კოდესით, რითაც დადგენილება სცილდება კანონის მოთხოვნას და აწესებს საარჩევნო კოდექსისაგან განსხვავებულ უფლებაშემზღუდველ ნორმებს.
დადგენილებით ცალსახად შეზღუდულია „საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით განსაზღვრული ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება, რაც მიუღებლად მიგვაჩნია და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კენჭისყრაზე დააყენოს დადგენილების კანონსაწინააღმდეგო მუხლების გაუქმების საკითხი.