ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი არსებითად არ უმჯობესდება
6 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ხუთმა დეპუტატმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტები, „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა” და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელთა მიღების შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ შეიცვლება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დაკომპლექტების წესი.
ინიციირებული ცვლილებები არსებითად არ აგვარებს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ პრობლემებს, კერძოდ, ცესკოს წევრობის/თავმჯდომარეობის კანდიდატებს, წინა ცვლილებებით მიღებული წესის მსგავსად, კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით არჩევა. ეს ფაქტორები ცესკოს დამოუკიდებლობას ასუსტებს და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ერთი პარტიის გავლენის განმტკიცებას უზრუნველყოფს.
წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრობის კანდიდატების თანამდებობაზე სრული ვადით (5 წლით) ასარჩევად პირველ კენჭისყრაზე პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის (76 ხმა) ნაცვლად, პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა გახდება საჭირო. თუ კანდიდატთა არჩევა 3/5-ის უმრავლესობით ვერ მოხდება, პარლამენტი მათ სრული ვადით არჩევას კვლავ 76 ხმით შეძლებს და ამისთვის მას ორი მცდელობა ექნება. იმ შემთხვევაში თუ კვლავ ვერ აირჩა შესაბამისი რაოდენობის ცესკოს წევრი, ცესკოს წევრის/წევრების დანიშვნის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას შეეხება. ევროკომისია საქართველოსგან მოელის საარჩევნო კანონმდებლობაში ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) რეკომენდაციების ასახვას, რომლებიც, თავის მხრივ, გამომდინარეობს არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან. აღნიშნული რეფორმის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს ცესკოს დაკომპლექტება და მის მიმართ ნდობის ამაღლება წარმოადგენს. ამას მოწმობს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის - ოლივერ ვარჰეის 22 ივნისის ზეპირი მოხსენებაც, რომლის მიხედვითაც, ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებული 13 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები უკან უნდა იყოს გახმობილი. ეს ცვლილებები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერაც უარყოფითად იქნა შეფასებული.
კანონპროექტების განმარტებით ბარათებში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი ცვლილების საფუძველია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის 2023 წლის 22 ივნისს გამოქვეყნებული ზეპირი შეფასება საქართველოსთვის ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ინიციატორთა გაცხადებული მიზნის მიუხედავად, წარმოდგენილი კანონპროექტები არსებითად არ ცვლის ცესკოს დაკომპლექტების არსებულ წესს. პარლამენტის უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლებლობა კვლავ დარჩება, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მქონე მმართველ პარტიას არ შეუქმნის მოტივაციას ცესკოს პროფესიული წესით ასარჩევი შემადგენლობის შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიოს.
ცესკოს დაკომპლექტების პროცესში კვლავ არ იქნება უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებითი და გონივრული მონაწილეობა, რაც კანდიდატთა შერჩევის ეტაპიდან პრეზიდენტის ჩამოშორებასა და შესარჩევი საკონკურსო კომისიის პარლამენტის თავმჯდომარესთან დატოვებაში გამოიხატება. პირველ რიგში, იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სამი კენჭისყრის შემდეგაც სასურველ კანდიდატს ვერ აირჩევს და პრეზიდენტს მიეცემა ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება, მცირეა. იმ შემთხვევაში კი თუ ეს მაინც მოხდება, პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრების ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება შეუსაბამოა ძალაუფლების განაწილების სამართლებრივ-პოლიტიკურ ლოგიკასთან. გარდა ამისა, ეს მოდელი ხელს არ შეუწყობს საპარლამენტო პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას და ვერ გაზრდის ცესკოს წევრების მიმართ ნდობას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ინიციატივა, შესაძლოა, ჩაითვალოს მხოლოდ ფორმალურ ცვლილებად, რომელიც რეალურად აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას და უნარჩუნებს მას გავლენას საარჩევნო ადმინისტრაციაზე.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის დასკვნები, ასევე, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის რეკომენდაცია და ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი შეუსაბამოს 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებულ პრინციპებს.