„სამართლიანი არჩევნების“ იურიდიული დახმარების შედეგად, კიდევ ერთი საჯარო მოხელის გათავისუფლების ბრძანება გაბათილდა
ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ, „სამართლიანი არჩევნების“ დაცვის ქვეშ მყოფი საჯარო მოხელის ნანი გოტიაშვილის სასარჩელო მოთხოვნები სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე დააკმაყოფილა. ამავე გადაწყვეტილებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძვლეზე ახალი აქტის გამოცემა. სამწუხაროდ, სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენისა და მისი აღმოფხვრის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ნანი გოტიაშვილი ტყიბულის მერიაში 1994 წლიდან მუშაობდა და გათავისუფლებამდე იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალიტის პოზიციას. მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ნანი გოტიაშვილს შენიშვნა ან დისციპლინური პაუსხისმგებლობის ზომა არასდროს დაკისრებია.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ტყიბულში აირჩა ახალი მერი - დავით ჩერქეზიშვილი, რომელმაც, დანიშვნისთანავე, დაიწყო საკადრო ცვლილებები. მერმა დეკემბრის თვეშივე შრომითი ხელშეკრულებებით დაასაქმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მასთან დაახლოებული პირები. ამგვარი წესით შერჩეულ პირს დაევალა იგივე საქმე, რასაც მოსარჩელე ასრულებდა. მერის ეს მიდგომა მიზნად ისახავდა მოსარჩელის პარტიული ნიშნით სასურველი პირით ჩანაცვლებას. მსგავსი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპს და დასაშვებად აქცევს მერის მიერ არასასურველი საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას.
ტყიბულის მერის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დაიწყო რეორგანიზაცია. გათავისუფლებულებს ოფიციალურად განუცხადეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მათი შტატი გაუქმდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საჯარო სტრუქტურაში განხორციელებული რეორგანიზიის პროცესი, კანონითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ტყიბულის მერიის მიერ დაცული არ ყოფილა. რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვა, არ შეფასებულა მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მახასიათებლები ტოლფას/ან დაბალი რანგის თანამდებობაზე მათი კანდიდატურების შესაბამისობის დადგენის კუთხით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს სულ მცირე უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა გაითვალისწინა და შეაფასა მისი როგორც პროფესიული ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები.
გათავისუფლებული პირის ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი მეგი ბაკურიძე იცავდა.
„სამართლიანი არჩევნები“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge