განცხადებები

,,სამართლიანი არჩევნების” იურიდული დახმარებით, კულტურული  მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი დაკმაყოფილდა

13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, რეორგანიზაციის შედეგად, ვერა შანიძის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 

ვერა შანიძე  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2009 წლიდან, საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული.  

2021 წლის 25 ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაცია, თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით და დაინიშნა ტესტირება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში და შემდეგ გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესში არ შემოწმებულა დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა. პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ტესტირების პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საფუძველზე არ დადგენილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ვერა შანიძემ ტესტირება მაღალი ქულით ჩააბარა და გადავიდა გასაუბრების ეტაპზე. გასაუბრების პროცესს არ  ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, რომელთაც პროფესიული ცოდნის საფუძველზე შეეძლოთ თანამშრომელთა (ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების, რესტავრატორების) კომპეტენციის შეფასება. მათ ნაცვლად, საკონკურსო კომისიაში გადაწყვეტილებას იღებდნენ  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამდებობის პირები, ძირითადად, იურისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თანამშრომელთა შესაფასებლად საჭირო სპეციფიკური პროფესიული ცოდნა ან/და გამოცდილება. გასაუბრების პროცესში არ ხდებოდა აუდიო/ვიდეო ჩაწერა. ამ პირობებში ჩატარებული გასაუბრებისას, შეუძლებელი იქნებოდა ხელოვნებათმცოდნე ვერა შანიძის ცოდნის/პროფესიული გამოცდილების სამართლიანი შეფასება. 

ვერა შანიძის ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა.

აღსანიშნავია, რომ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 2021 წელს თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ამ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. საერთო ჯამში სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულებიდან 100-ზე მეტი პირი გათავისუფლდა, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო.

კულტურის სფეროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი რანგის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, კვალიფიციური პროფესიონალის ამ მასშტაბით თანამდებობიდან გათავისუფლება დაუსაბუთებელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა. 



„სამართლიანი არჩევნები” უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 

0 800 100 143;

info@isfed.ge