განცხადებები

„სამართლიანი არჩევნების მიერ“ არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები/ინციდენტები და წარდგენილი საჩივრები

არჩევნების დღეს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში გამოავლინა 490 პრობლემური ინციდენტი და დარღვევა როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარე პერიმეტრზე.

მათ შორის უბნის შიგნით დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: ბიულეტენების ჩაყრა, მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა, დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება, მარკირების პროცედურის წესის დარღვევა, ხმის ფარულობის დარღვევა, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები და სხვა დარღვევები.

რაც შეეხება საარჩევნო უბნის გარეთ გამოვლენილ დარღვევებს, დაფიქსირდა: კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები, ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა.

აღნიშნულ დარღვევებთან და ინციდენტებთან დაკავშირებით, კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდში „სამართლიანმა არჩევნებმა" საარჩევნო კომისიებში ჯამში 294 საჩივარი წარადგინა, მათ შორის: საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე, დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში), საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით)​, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - 1 საჩივარი.

საჩივრები წარდგენილია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლა, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემის საკითხი და მარკირების პროცედურის დარღვევა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა.