„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ფეისბუქზე გამოვლენილი ყალბი ანგარიშების დიდი ნაწილი პლატფორმიდან წაიშალა
2026 წლის 9 ივლისს „სამართლიანმა არჩევნებმა” ფეისბუქზე მოქმედი 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიშის შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. 22 ივლისის მდგომარეობით, ამ ქსელში შემავალი ანგარიშების უდიდესი უმრავლესობა ფეისბუქზე აღარ იძებნება. კერძოდ, განმეორებითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული 1551 არაავთენტური ანგარიშიდან ამ ეტაპზე პლატფორმაზე აღარ ფიქსირდება 1343 ანგარიში, რაც მათ წაშლაზე/დეაქტივაციაზე მიუთითებს.
წაშლილი ანგარიშები წარმოადგენდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შესწავლილი მასშტაბური, არაავთენტური და კოორდინირებული ქსელის ნაწილს. აღნიშნული ანგარიშები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ქარდის მოწონების რეაქციების გასაზრდელად იყო გამოყენებული. ქარდზე, წარწერით „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩეოდა. პროფილები ხშირად შექმნილი იყო ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებდნენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერდნენ იდენტურ გვერდებს, აზიარებდნენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენდნენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. მსგავსი არაავთენტური კოორდინირებული ქცევა (CIB) პირდაპირ ეწინააღმდეგება ფეისბუქის წესებს, რის გამოც პლატფორმის მფლობელი კომპანია Meta ასეთ ქსელებს სისტემატურად აუქმებს. აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, Meta-ს წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი ათობით არაავთენტური ქსელი აქვს წაშლილი.